კანაფის ექსპორტია

კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებების მიღებას ჩარჩოში მოვაქცევთ

საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვას აპირებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოდან გამოიწვევენ, ხოლო ზოგადად ნარკოპოლიტიკის თემას "ჩარჩოებში მოაქცევენ".

"გვქონდა საუბარი ზოგადად საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ მიმართულებით, არსებობდა გარკვეული მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს როლის თაობაზე და ჩვენ შევჯერდით, რომ აუცილებლად დავიწყებთ მსჯელობას შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ზოგადად ამ სფეროს რეგლამენტაციას, შეიძლება, ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოპოლიტიკა. ეს არის ასევე პრინციპული გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში დაიწყება ასეთ კანონპროექტზე მსჯელობა, მიმართულება არის ეს - ნარკოპოლიტიკის ჩარჩოებში მოქცევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ჩარჩოებში მოქცევა, როგორ მოხდება, ეს არის ტექნიკის საქმე, თუმცა, პრინციპული პოზიცია ამაზეც არის მიღებული" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი რამდენიმე თვის წინ დააკმაყოფილა და მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახადა. ამის გამო, "საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება" მოითხოვა ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მირიან წიკლაურმა, და ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელმა, მათ შორის, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ მარიხუანას საექსპორტო პოტენციალის შესწავლა დაიწყო - განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის, საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა. ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო.  ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტით ქვეყანა 1 მილიარდს იშოვიდა. 

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

მაშინ მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონის განხილვა შეაჩერა, თუმცა არ გაუწვევია. 

გუშინ, 1 ნოემბერს პრესკონფერენცია მოიწვიეს ძალადობრივ ჯგუფის, ქართული მარშის წევრებმა და თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა, მათგან ერთ-ერთი სწორედ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაა. 

კომენტარები