არჩევნები 2018

ვანო მერაბიშვილი: შეწყალება არ მჭირდება

Reuters

ყოფილი შს მინისტრი და პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ არ აპირებს, გრიგოლ ვაშაძეს შეწყალებას სთხოვოს. 

"არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" სრული ისტერიკა დაიწყო. რადგან ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, ამომრჩევლებს აშინებენ იმით, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყება.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" მარცხი გარდაუვალია. ისტერიკა და შიშის დემონსტრირება კიდევ უფრო აუარესებს მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

მე შეწყალება არ მჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაღიარა პოლიტპატიმრად, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ დიდმა პალატამ. მე ვარ ერთადერთი პატიმარი ევროპაში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა აღიარა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. დეკემბერში უნდა გაიმართოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც უნდა იმსჯელოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.

დღეს საპყრობილეებში არის ბევრი უსამართლოდ დაჩაგრული პატრიოტი, რომელიც "ქართული ოცნებისა" თუ რუსული სპეცსამსახურების სურვილით ზის ციხეში. მე ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს", - წერს მერაბიშვილი. 

რამდენიმე დღის წინ შეწყალებაზე უარი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამაც თქვა.

ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამე დაიწყო კამპანია, რომელიც უმეტესად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მმართველობას ეხება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდება, ის სააკაშვილს, ახალაიას და მერაბიშვილს შეიწყალებს, რაც ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს. 

კომენტარები