ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა დაადასტურა

რადიო თავისუფლება

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)" ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართა.

PHR-ის წარმომადგენლების თქმით, სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სამ საქმეზე დაადგინა.

"დღეს გვინდა, რომ საზოგადოებას მაღალი ინტერესის გამო შევატყობინოთ, რომ სწორედ ის ფატები, რაზეც ქალები საუბრობდნენ რამდენიმე თვის წინ, დღეს სახალხო დამცველმა თქვა, რომ სახეზე იყო სექსუალური შევიწროება ზვიად დევდარიანის მხრიდან", - თქვა ანა აბაშიძემ.

სახალხო დამცველი ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ხუთ საქმეს სწავლობდა. ომბუდსმენმა აქედან სამ საქმეზე დაადგინა სექსუალური შევიწროება, დანარჩენ ორ საქმეზე კი კონკრეტული ფაქტებიდან დიდი ხნის გასვლის გამო საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა და წარმოება შეწყვიტა.

"სახალხო დამცველი სწავლობდა ხუთ კონკრეტულ საქმეს, აქედან სამ საქმეზე სახალხო დამცველმა თქვა, რომ ზვიად დევდარიანმა სექსუალურად შეავიწროვა კონკრეტული ქალები, სამ საქმეზე დადგინდა სექსუალური შევიწროება. რაც შეეხება დანარჩენ ორ საქმეს, სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ სექსუალური შევიწროება არ მომხდარა ამ ორ საქმეში, არამედ სახალხო დამცველმა შეწყვიტა საქმეთა შესწავლა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძალიან დიდი დრო იყო კონკრეტული ფაქტიდან და შესაბამისად საკმარისი მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა", - თქვა ანა აბაშიძემ.

PHR-ის წარმომადგენლის ანა თავხელიძის თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცენდენტულია.

"სახალხო დამცველმა აქცენტი გააკეთა რეკომენდაციაში იმაზე, რომ ზვიად დევდარიანი არის საჯარო პირი და შესაბამისად, თავისი პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ამ მდგომარეობას იყენებდა სექსუალური შევიწროების განსახორციელებლად. სწორედ მისი საქმიანობიდან და ავტორიტეტიდან გამომდინარე ქალები თანხმდებოდნენ მასთან კომუნიკაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კონკრეტულ რეკომენდაციებში", - თქვა ანა თავხელიძემ.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები