არჩევნები 2018

ქართული ოცნების მთავარი წინასაარჩევნო დაშინებები

ქართული ოცნება

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ქართული ოცნების რამდენიმე წევრი დესტაბილიზაციისა და არეულობის სცენარზე ალაპარაკდა. მათი აზრით, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება "სამოქალაქო ომისკენ" გადადგმული ნაბიჯი იქნება. ისინი ამბობენ, რომ ყველამ უნდა "გააცნობიეროს არჩევანი" და ქვეყანა საფრთხისგან დაიცვას. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვე "დამატებით რისკებს აჩენს" და ზუგდიდში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხი უფრო სენსიტიურია.

ტაბულამ შეკრიბა მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომლითაც, ისინი ამომრჩეველს სახიფათო სცენარზე ესაუბრებიან. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" პარტიებს და თანამდებობის პირებს მოუწოდა, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა, რომელიც ამომრჩევლის დაშინებისკენაა მიმართული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

დღეს დესტაბილიზაციის საფრთხეზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმაც ილაპარაკა. მისი თქმით, ქართული ოცნების მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია.

"...დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით...".

"...ოპონენტები მხოლოდ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია".

"...ოპონენტები სრული სიმძლავრით ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად..."

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვის გამო, ზუგდიდში არჩევნების ჩატარების საკითხი უფრო სენსიტიურია. მინისტრი სამეგრელოში მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. 

"ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში არის დროებითი გამყოფი ხაზი და ეს დამატებით რისკებს აჩენს, დამატებით სენსიტიურობას სძენს აქ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ" - ამბობს გახარია.

ქართული ოცნების დეპუტატები

გედევან ფოფხაძე

პირველი, ვინც გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სამოქალაქო ომის საფრთხე დაინახა და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე იყო. მისი მტკიცებით, ვაშაძის გაპრეზიდენტება იქნება "რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ". მან ამის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა. ფოფხაძე ოპოზიციონერ კანდიდატს "ტროას ცხენს" უწოდებს. მისი მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რევანშისტულად არის განწყობილი და "მაინცდამაინც, დოკუმენტური ფილმის მონაწილეები ნუ გავხდებით". დეპუტატის სცენარით, გრიგოლ ვაშაძე ყოფილ მაღალჩინოსნებს შეიწყალებს, რის შედეგადაც, "ჩვენ მისი სახით ვიღებთ ტროას ცხენს, როდესაც შედის პრეზიდენტის სასახლეში, მისი მუცელი იღება და იქიდან გადმობარგდებიან ეს ჩემს მიერ დასახელებული ბატონები იმ ზონდერებთან ერთად".

გედევან ფოფხაძის კიდევ ერთი განცხადების მიხედვით, არ ღირს სახელმწიფო ინსტიტუტების გამოცდა - შეძლებენ თუ არა მოსახლეობის დაცვას "დესტაბილიზაციის და სამოქალაქო ომის შემთხვევაში".

ირაკლი სესიაშვილი

გედევან ფოფხაძის მსგავსად, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, "არეულობის" საფრთხეს ხედავს მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი შეფასებით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება დესტაბილიზაციას გამოიწვევს, "ვინაიდან ვაშაძე ციხიდან მწამებლების გამოშვებას აპირებს". სესიაშვილი ამბობს, რომ პროცესი დაიძაბება და ის "პირველი ჯარისკაცი იქნება, ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს". 

ეკა ბესელია 

ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატის შეფასებით, "მეორე ტური ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი არჩევანია ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის. იმიტომ, რომ ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას". ეკა ბესელიას თქმით, "ჩვენ ვხედავთ, ამ გადაწყვეტილებას შედეგად რა მოჰყვება. ოპოზიციური კანდიდატი აპირებს, ყველა ის ადამიანი შეიწყალოს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ადამიანების წამებაში, მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა. საუბარია იმაზეც, რომ ასეთი ადამიანის ხელში პრეზიდენტის მანდატის გამოყენება შესაძლოა, ისეთი დესტრუქციული იყოს, რომ  სახიფათო პროცესები გამოიწვიოს. ქვეყანას მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ".

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების წევრების ძირითადი "მესიჯბოქსი" გრიგოლ ვაშაძის დაპირებაზეა აწყობილი, რომლის მიხედვითაც, ის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეიწყალებს. ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა და სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ უკვე გაავრცელეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ისინი არ აპირებენ, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართონ. რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ის ამბობს, რომ "შესაწყალებელი არაფერი აქვს". გარდა ამისა, სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, რომელზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა. იქამდე კი, პრეზიდენტს პატიმრის შეწყალების უფლება არ აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. არჩევნების თარიღი ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები