ლარის კურსი

სებ: ლარის კურსის დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს არჩევნების პერიოდში არსებული გარემო

.nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. სებ-ი მოუწოდებს საჯარო პირებს თავი შეიკავონ ლარის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან. 

"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება. ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. ამდენად, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს.
ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ." - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ეროვნული ბანკის მიზანია საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია.

ეროვნული ბანკის გუშინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7383 ლარია, ევროსი - 3.1162 ლარი. 

კომენტარები