"ხელი ხელს" შშმ პირების საოჯახო საცხოვრისების გადასარჩენად დაფინანსების გაზრდას ითხოვს

ორგანიზაციამ “ხელი ხელს” რამდენიმე დღის წინ ერთი სახლი დახურა.

“ხელი ხელს”, რომელიც ინტელექტუალური შეფერხების და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს საოჯახო ტიპის სერვისს სთავაზობს, ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

“ხელი ხელს” 2011 წელს შეიქმნა და ამ დრომდე გურჯაანსა და თბილისში 6 სახლი გახსნა, რომლებშიც ფსიქიკური აშლილობის და ინტელექტუალური შეფერხების ადამიანები ცხოვრობენ. საოჯახო ტიპის სახლებში ისინი ინსტიტუციებიდან მოხვდნენ და წლებთან ერთად საზოგადოებაში ინტეგრაცია, დასაქმება და ზოგიერთმა მათგანმა დაქორწინებაც კი შეძლეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ არაერთი კვლევით და პრაქტიკით დადასტურდა, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრისი არის საუკეთესო რამ რესოციალიზაციის, ინკლუზიის, დასაქმების და უფლებების რეალიზაციისთვის.

თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფო ამაში ხელს სათანადოდ არ უწყობს. თბილისში მდებარე ერთი სახლის დახურვაც ამიტომ მოუწიათ. ახლა “ხელი ხელს” 5 სახლში 28 ბენეფიციარის ნაცვლად 25-ს ემსახურება.

შიშნიაშვილი ამბობს, რომ თითოეული ადამიანის საბაზისო საჭიროებისთვის დღეში 32 ლარია საჭირო. სახელმწიფო ამას 16 ლარით აფინანსებს, დანარჩენ 16 ლარს კი ფონდი ღია საზოგადოება საქართველო იხდის. ეს ბაზისური ხარჯებია - ამ სახლებში მცხოვრები ადამიანების საკვების, ბინის უზრუნველყოფის, პერსონალის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯების თანხა. თუმცა, ღია საზოგადოება საქართველო 2020 წლიდან დაფინანსებას სრულად შეწყვეტს, რადგან “მიზანი მიღწეულია, მოდელი ამუშავდა”.

“ანუ 2020 წლისთვის უკვე სრულად უნდა იყოს სახელწიფოს მხარდაჭერა უზრუნველყოფილი. ოღონდ მხოლოდ ბაზისურ მხარდაჭერაზე ვსაუბრობ. აქ არ არის სასურველზე - ეს არის საკვების, ბინის უზრუნველყოფის, პერსონალის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები”, - ამბობს შიშნიაშვილი.

ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის თანხა ბიუჯეტში 3 მილიონი ლარით იზრდება. თუ 2018 წელს ეს თანხა 21 მილიონი იყო, 2019 წელს 24 მილიონი იქნება.

ასევე, გაზრდილია თანხა სოციალური უზრუნველყოფის დასაფინანსებლად - 2018 წელს ეს თანხა 3,492,758, 000 ლარი იყო, 2019 წელს - 3,773,067, 000 ლარი იქნება.

თუმცა, ბიუჯეტის ზრდა “ხელი ხელს”-ს არ შეეხება. სამაგიეროდ, აშენდება 24  ადამიანისთვის განკუთვნილი საცხოვრისი, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები მოთავსდებიან.

მაია შიშნიაშვილი და კოალიცია “მოძრაობა თანასწორობისთვის” სხვა წევრები ამ იდეას უარყოფითად აფასებენ.

“მსგავსი საცხოვრისი ბევრ ქვეყანაში კვალიფიცირება, როგორც მინი-ინსტიტუცია. 10 ადამიანზე მეტის ერთად განთავსება 40 ადამიანამდე ითვლება, როგორც მინი ინსტიტუცია

24-კაციან ინსტიტუციაში იგივე პრინციპები მოქმედებს, რაც დიდ ინსტიტუციებში, ისევ მოვლაზე ორიენტირებულია და არა დამოუკიდებლობის გაზრდაზე, პიროვნულ ზრდაზე, მათი უფლებების რეალიზებაზე, დასაქმებაზე, თემში გასვლაზე. ამას სპეციფიკური ტექტნიკებიც აქვს, რომ ადამიანებს, ვინც მთელი ცხოვრება იზოლირებულები იყო, როგორ დაუბრუნდეთ ფუნქციური, საზოგადოების წევრობისთვის საჭირო უნარები - ეს აქტივობით, გარეთ გასვლით მიიღწევა.

ამის გარეშე, რეჟიმის პირობებში არანაირი თერაპია შედეგს არ მოგვცემს. ამიტომ 24 კაციანში ეს პრაქტიკა უბრალოდ ვერ მიიღწევა. უამრავი კვლევა და მტკიცებულებები არსებობს, რომ ეს მხოლოდ მცირე ზომის საცხოვრისშია შესაძლებელი”, - ამბობს მაია შიშნიაშვილი.

მისივე თქმით, “ხელი ხელს” უარს ამბობდა, ერთ სახლში დადგენილი სტანდარტის, 6 ადამიანის ნაცვლად, 5-ზე მეტი ჰყოლოდა.

“სახელმწიფო აცხადებს რომ დეინსტიტუციონალიზაციისკენ მივდივართ, სამთავრებო სამოქმედო გეგმაში ეს არის განცხადებული და ამ დროს ფინანსურად შენ უფრო მეტს იხდი ინსტიტუციებში ადამიანის შენახვაში, მაშინ რა გამოდის?! ანუ გამოდის, რომ სიტყვებით ერთს ამბობ და ფინანსური ხაზები მეორეზე მეტყველებს. რეალურად, სახელმწიფო ინსტიტუციაში უფრო მეტს იხდის, ვიდრე საუკეთესო ალტერნატივაში. ამ დროს, თუ სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაცია სურს, სწორედ ალტერნატივას უნდა უწყობდეს ხელს”.

მიმართვა პრემიერმინისტრს
 

კოალიციამ “მოძრაობა ცვლილებებისთვის” ღია განცხადებით პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესაც მიმართა.

“დღეს საქართველოში 730 ადამიანი ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში. მათგან, 448 ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკებში, 252 კი პანსიონატებსა და  სათემო ორგანიზაციების დიდი ზომის საცხოვრისებშია მოთავსებული. წლების წინ ამ ადამიანების საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით წამოწყებული სათემო ორგანიზაციების დაფინანსება კი დღეს იმდენად არაადეკვატურია, რომ ასეთი ორგანიზაციების განვითარება კი არა, უკვე არსებულთა ყოფნაც თავის მოტყუება და პროფანაციაა. ამ ფონზე დღეს საქართველოში მხოლოდ 25 ადამიანი იმყოფება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, საოჯახო ტიპის, ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში (700 vs 25), სადაც ხდება მათი ნამდვილი ინკლუზია და მაქსიმალური ხარისხით შესაძლებლობათა რეალიზაცია. სამწუხაროდ, ამ სახლების არსებობაც მეტწილად დონორის მიერ გაწეული დაფინანსებით არის შესაძლებელი.

შშმ პირთა უფლებების გაერო-ის 2006 წლის კონვენცია, რომლის რატიფიკაცია ქვეყანამ 2013 წელს მოახდინა და  ამით მისი შესრულების ვალდებულება აიღო, მოიცავს 19-ე მუხლს, რომელიც გულისხმობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას და სახელმწიფოს ვალდებულებებს, უზრუნველყოს აღნიშნული უფლების რეალიზება.

შეგახსენებთ ასევე, რომ 2018 წლის ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის 19.1.5.1. და 19.1.7.1. პუნქტებით (ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და  დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავება) 2019 წელს გათვალისწინებულია დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში მცხოვრები შშმ პირების შეფასება, ინსტიტუციაში ჩარიცხვის პრევენცია და  დიდი ინსტიტუციებიდან მათი გაყვანა. ამისათვის კი უნდა მოხდეს ალტერნატიული, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, რომელთა შორის, როგორც ამას კვლევები და პრაქტიკა აჩვენებს, საუკეთესო ალტერნატივა საოჯახო ტიპის საცხოვრისებია.

ამის საპირისპიროდ კი დროდადრო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ მიუხედავად ქართული და საერთშორისო საზოგადოების წინაშე თავისსავე მიერ დეკლარირებული და მასთან შეთანხმებული პრიორიტეტისა, სახელმწიფო ამ ადამიანებისთვის გეგმავს სხვადასხვა ტიპის ახალი ინსტიტუციის აშენებას და ამით გვაჩვენებს, სინამდვილეში რამდენად არასწორად იაზრებს არსებულ პრობლემებს და ცვლილებების საჭიროებას მხოლოდ და მხოლოდ ინფრასტრუქტურის შელამაზებაში ხედავს. მეტიც, თავისი პოლიტიკით ხელს უწყობს შშმ პირთა ინსტიტუციონალიზებას, რასაც ადასტურებს შემდეგი ოფიციალური მონაცემების შედარება:

  • დღეს ფსიქიატრიულ კლინიკებში მცხოვრებ ადამიანთა (ე.წ. ქრონიკული პაციენტების) ყოფას ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დღეში 23 ლარით აფინანსებს, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში თითოეული შშმ პირის შენახვა სახელმწიფოს 29 ლარი უჯდება, მარტყოფსა და ძევრის პანსიონებში - 25 ლარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ პანსიონების ხარჯები არ გულისხმობს ადმინისტრირების ხარჯებს, რომელსაც სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ასრულებს; მაშინ, როდესაც ალტერნატიულ სათემო საოჯახო ტიპის სერვისში დღიური დაფინანსება ბენეფიციარზე მხოლოდ 16 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელ პირობებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სერვისს არათუ განვითარების, არამედ არსებობის საშუალებასაც კი უსპობს.
  • გარდა ამისა, დაფინანსება წლების განმავლობაში არ გაზრდილა, რაც, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლის გათვალისწინებით, საშუალებას გვაძლევს, რომ განვაცხადოთ - საოჯახო ტიპის სერვისის დაფინანსება ნაცვლად გაზრდისა და წახალისებისა, მცირდება. (2013 წლის 16 ლარი ინფლაციის გათვალისწინებით დღევანდელი 22 ლარია).

ყოველივე აღნიშნულის გამო, ჩვენ იძულებული ვართ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს პირდაპირი შეხვედრები, საჯარო დისკუსიები, საინფორმაციო საშუალებები, სხვადასხვა სოციალური აქტივობები და ა.შ. იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ საქართველოში მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ელემენტარული უფლებების დასაცავად და ყველას შევახსენოთ აღებული ვალდებულებები.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ:

  • მოხდეს 2019 წლის ბიუჯეტის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის "შშმ პირთა დამოუკიდებელი, ოჯახური ტიპის საცხოვრებლის“ კომპონენტის  დაფინანსების გაზრდა 16 ლარიდან 32 ლარამდე (რეალური ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით);
  • შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს. ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არცერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე;
  • შემუშავდეს „ჭიშკრის დარაჯობის მექნიზმები“, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში.

გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზაციისთვის ბრძოლაში”, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

რა იქნება მომავალში
 

“ხელი ხელს”-მა მოლაპარაკება ჯანდაცვის სამინისტროსთანაც სცადა, თუმცა, დაფინასების გაზრდაზე გადაწყვეტილება ჯერაც არ არის.

“გადაჭრით უარი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ამ სახლის დახურვა მაინც დაგვჭირდა. ცოტა თანხა რომც მოამატონ ახლა, მაინც კრიზისში ვიქნებით. მოგვიწია კრიზისულ მდგომარეობაში მუშაობამ. დარჩენილი 25 ადამიანის გადარჩენაზეა ლაპარაკი, ისინი არ უნდა გავიდნენ ოჯახური გარემოდან. ეს იქნება სერიოზული ტრავმა. ეს ადამიანები ძლივს გამოვიდნენ მდგომარეობიდან, მათი ცხოვრება შეიცვალა.

თუ ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინეს, ვეცდებით, ისევ გავხსნათ მესამე სახლი”, - ამბობს შიშნიაშვილი.