უგულავა და სააკაშვილი

უგულავა: ვთანხმდებით, რომ გვაქვს ბევრი განსხვავება, მაგრამ ახლა ამოცანა ვაშაძის გამარჯვებაა

"ჩვენც და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც ვართ ამ ერთი დიდი ევროპული ოჯახის, EPP-ის წევრი პარტიები, შესაბამისად ჩვენი კომუნიკაცია ამ ფორმატში შედგა." - ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა მისი და სააკაშვილის კომუნიკაციის შესახებ ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. უგულავას თქმით, მან და სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს. 

"საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ EPP-ის პრეზიდენტის ბატონ ჯოზეფ დოულის შუამავლობით და ინიციატივით, ჯერ კიდევ ზაფხულში, სანამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყებოდა ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს საპრეზიდენტო არჩევნებზე ურთიერთდახმარების შესახებ, რაც გულისხმობდა მეორე ტურში დახმარებას, აქ სრული ერთსულოვნება და აღფრთოვანებაა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველა ერთხმად აღნიშნავს დავით ბაქრაძის ამ ჟესტს, როგორც კლასიკურ ევროპულ ჟესტს და ყველა ძალიან მიესალმება და გახარებულია, იმიტომ რომ  ერთი ოჯახის წევრები ვართ, ასე უწოდებენ ევროპის სახალხო პარტიის წევრი პარტიები ერთმანეთს. ამ ფორმატში მოხდა ჩვენი შეხვედრა. მე მიშა არ მინახავს დაახლოებით 5 წელია. ვისაუბრეთ მეორე ტურზე, შესაძლებლობებზე, ისიც აღფრთოვანებული იყო დავით ბაქრაძის ამ ნაბიჯით. ძალიან მოკლე შეხვედრა იყო, გავცვალეთ აზრები და ორივენი ვთანხმდებით იმაზე, რომ მიუხედავად საერთო წარსულისა, გვაქვს ძალიან ბევრი განსხვავება, მაგრამ ახლა ეს განსხვავებები გვერდზე გვაქვს გადადებული და მთავარი ამოცანა არის მეორე ტურში გაიმარჯვოს გრიგოლ ვაშაძემ. ევროპული საქართველოსთვის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება არის უმოკლესი გზა დეოლიგარქიზაციისკენ." - ამბობს უგულავა.

უგულავა ტვ პირველის ეთერში ქალაქის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი შეფასებები აბსურდულია. კალაძე დღეს თქვა, რომ ევროპული საქართველო და ენმ, "ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი."

"კახა კალაძე ქალაქის მერია და ჯობია ქალაქს მიხედოს. ბევრი პრობლემაა და ქმედითი მერი სჭირდება. ხატოვანი შედარებები იმდენად აბსურდულია, რომ კომენტარიც არ ღირს. თავის დროზე ჩვენი გაყოფა მოხდა ფუნდამენტური შეუთავსებლობის გამო, რომელიც პრინციპში არ გამქრალა, უბრალოდ ქართული ოცნებისგან განსხვავებით ჩვენ ვახერხებთ თანამშრომლობას, ვახერხებთ ცივილურ ურთიერთობებს, მათ შორის როცა ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან უღიმიან და არა უღრენენ, როგორც ეს ჩვევიათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შესაბამისად აბსოლუტურად არარელევანტური და რეალობას მოწყვეტილია ქალაქის მერი და ოცნების გენერალური მდივანი." - ამბობს უგულავა. 

სააკაშვილმა და უგულავამ ჰელსინკში ისაუბრეს, სადაც ევროპის სახალხო პარტიის სამიტი იმართება.

კომენტარები