სექსუალური შევიწროება

მე-11 კლასელი გოგო ამბობს, რომ 70 წლამდე მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა

techcrunch.com

ერთ-ერთი რაიონის სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ 70 წლამდე მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა. გოგომ პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც კაცი დააკავეს.

ინფორმაცია ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ პირი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც იძულებას გულისხმობს.

ცნობილია, რომ 70 წლამდე მასწავლებელი 25 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც კაცს პატიმრობა შეუფარდა და შესაბამისად, ის ამჟამადაც პატიმრობაშია.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია განათლების სამინისტროც. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებულია.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი - იძულება, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ეს ქმედება ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 18 თვემდე.

კომენტარები