არჩევნები 2018

ვოლსკი: ზურაბიშვილი ამბობს, რომ აგრესორი რუსეთია, მაგრამ შიგნიდან კარი გაუღო სააკაშვილმა

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი 9 აპრილთან და ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით "სრულ სისულელეს" ამბობს. ასე უპასუხა დეპუტატმა ტაბულას კითხვას "ქართული ოცნების" მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით.

"არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის მოადგილე. თქვენ რომ ნიშნის მოგებით მეუბნებით, თქვენს ობიექტურობაში მეპარება ეჭვი. ხო იცით რომ აღარ არის დიდი ხანია, არა? 5 წელია, უკვე. მაინც მეუბნებით... ჩემი მინისტრის მოადგილე ამბობს სრულ სისულელეს იმასთან , რომ აფხაზეთში რუსეთი არ იყო ჩარეული, სრულად არაადეკვატურია ის განცხადება, რაც გააკეთა ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით", - თქვა ვოლსკიმ.

კითხვას 2008 წლის ომის დაწყებაზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის პოზიციის შესახებ, დეპუტატი პასუხობს:

"ჩვენი კანდიდატი, მთლიანად რომ შევაჯამოთ, ამბობს ერთ რამეს - რუსეთმა განახორციელა აგრესია, ოკუპაცია, მაგრამ კარი გაუღო შიგნიდან სააკაშვილმა. ეს არის კონცეფცია, რომელიც დასტურდება არაერთი ინფორმაციით და არაერთი ანალიტიკოსის მიერ".

გიორგი ვოლსკის თქმით, რუსეთს რამდენიმე მთავარი ამოცანა ჰქონდა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" დავალება "ხუთიანზე შეასრულა", ახლა კი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ეს მეჩითოვის განცხადებებით გადაიფაროს.

"მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - მთავარი ამოცანა რუსებისთვის იყო რამდენიმე. პირველი იყო აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო მოლაპარაკებები, რასაც აშშ და ევროკავშირი გვევედრებოდა, რომ არ გავსულიყავით ამ ფორმატიდან. მეორე ამოცანა იყო დაბომბილიყო ცხინვალი და მესამე ამოცანა იყო, რომ ეს დაბომბვა ყოფილიყო გადაღებული. ეს ყველაფერი არის რუსეთის სცენარი. მეოთხე და მთავარი ამოცანა იყო, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციაში მოხვედრილიყო ეს ყველაფერი იმ ფორმულირებით, რაც რუსეთს აწყობდა. ოთხივე მიმართულებით ნაციონალურმა მოძრაობამ ხუთიანზე შეასრულა დავალება, ხალხმა ეს იცის. ახლა მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ეს მეჩითოვის განცხადებებით იქნეს გადაფარული", - ამბობს დეპუტატი.

კითხვას მეჩითოვის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ გიორგი ვოლსკი პასუხობს, რომ გრიგოლ ვაშაძეს "ბევრი სულელი" უჭერს მხარს, მაგრამ ამის გამო არ აკრიტიკებენ. დეპუტატი პრეზიდენტობის კანდიდატის სხვა "ცოდვებზე" საუბრობს.

"ბევრი სულელი უჭერს მხარს ვაშაძეს, მაგრამ ჩვენ არ ვკადრულობთ იმას, რომ გამოვიდეთ და იმ მხარდაჭერის გამო გავაკრიტიკოთ ვაშაძე. მას განსაკუთრებული ცოდვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება ომის  ზონაში, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი მსხვერპლი. იგი გვარწმუნებდა, რომ რუსეთი არ არის ჩართული, რომ ორ საათში მოაგვარებენ ვითარებას, რომ მოსკოვში მას იწვევენ საქმეების გასარკვევად, თუ რატომ ჩადის კოკოითი ასეთ პროვოკაციას. ეს არის ვაშაძე, ეს არის ბაქრაძე და რასაკვირველია, მთავარი ბრძანების გამცემი...", - ამბობს ვოლსკი.

კომენტარები