კრიმინალი

უმწეო მდგომარეობაში მყოფის მავთულით გაგუდვაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.კ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, ა.კ.-მ განაწყენების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მავთულის ყელის არეში მოჭერით გაგუდა მასთან მუდმივად მცხოვრები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი 73 წლის ლ.ბ.", - აღნიშნავს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ა.კ. იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები