ირაკლი კობახიძე

კობახიძე დესტაბილიზაციაზე 2016, 2017 და 2018 წელს

პარლამენტი

ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიცია დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის მსგავს განცხადებებს აკეთებს.

წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების წევრები მუდმივად აპელირებენ საფრთხეებზე, რომლებიც, მათი აზრით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მომდინარეობს. ირაკლი კობახიძეს შესაძლო დესტაბილიზაციაზე არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული. 

6 სექტემბერი, 2016

"ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ანუ, საუბარია პროვოკაციებზე. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში ჩვენც მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს და ალბათ ისინიც თავადაც დაინტერესდებიან ამ ყველაფრით".

19 სექტემბერი 2016

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება საკმაოდ მასშტაბური პროვოკაციების მოწყობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ინფორმაცია არის აბსოლუტურად სარწმუნო და სწორედ ამის გამო ვაკეთებთ ჩვენ ღია განცხადებებს. კონკრეტულად მას შემდეგ ვილაპარაკებთ, რა ფარგლებშიც ეს იქნება აუცილებელი პროვოკაციების პრევენციისთვის. ჯერჯერობით ჩვენ ვმუშაობთ საკმაოდ ეფექტურად და ვახერხებთ პროვოკაციების თავიდან არიდებას". 

26 სექტემბერი 2016

"ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადებები მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე, და ჩვენ ამ განცხადებებზე ვაგებთ პასუხს, ეს განცხადებები შეესაბამება სინამდვილეს, იმ სინამდვილეს, რომელიც იგეგმება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დესტაბილიზაციის, თუმცა მათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გეგმის აღსრულების რესურსი ნამდვილად არ აქვს, ეს არის უსუსური პოლიტიკური ძალა და ჩვენს ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს საქართველოში",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

3 ოქტომბერი 2016

"მთელი ჯაჭვი უნდა ყოფილიყო. გვქონდა ინფორმაცია ე.წ პარალელური ორგანიზაციების შექმნის შესახებაც. შექმნეს კიდეც ასეთი ორგანიზაცია - "საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც ნაცმოძრაობის გეგმები უნდა განეხორციელებინა. რაც შეეხება ფაქტებს, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი მართლაც დაფიქრისდა გოგიჩაიშვილის შტაბში". 

9 ოქტომბერი 2016, საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღე

"უშედეგოდ დასრულდა ნაც.მოძრაობის უსუსური მცდელობა, რომ გამოეწვია ხელოვნურად დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, მშვიდობიან გარემოში და სწორედ ასეთ ვითარებაში გამოხატა ჩვენმა ამომრჩეველმა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ამისათვის მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს". 

12 მარტი, 2017 

"საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აწყობთ დესტაბილიზაცია, თუმცა ხელისუფლება არის იმისათვის, რათა აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი აქტები საქართველოში. ჩვენ არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას და არ დავუშვებთ არავითარ აქტს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის არევას. ამაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება ამის ყველა რესურსი აქვს ჩვენს ხელისუფლებას". 

24 სექტემბერი, 2018

"ჩვენი სურვილია, რომ ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია იმართებოდეს, სადაც კანდიდატები საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ და ამომრჩევლებს საკუთარ პრიორიტეტებს გააცნობენ, თუმცა ოპოზიციის კამპანია აგებულია „იაფფასიან შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფაზე და პროვოკაციებზე.

ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ". 

13 ნოემბერი 2018

ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" ლიდერების და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა, მაგალითად, რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, საუბრობდა სააკაშვილი იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ "ნაცმოძრაობის" ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან.

ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ - ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან. რიტორიკა პირდაპირ აქეთ არის მიმართული. მე ყველას მინდა, მოვუწოდო, არ აყვნენ არავითარი ფორმის პროვოკაციებს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან".

კომენტარები