არჩევნები 2018

ზურაბიშვილი DW-სთან: ომზე განცხადებების გამო თავს დამესხნენ, ამისთვის აქვთ 5 ტელევიზია

DW

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში 2008 წლის ომსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აგრესორი რუსეთია, თუმცა, საქართველოს შიდა საკითხია, გაკეთდა თუ არა ყველაფერი პროვოკაციების ომის თავიდან ასაცილებლად. 

ზურაბიშვილისვე თქმით, მას ომზე განცხადებების გამო თავს ესხმოდნენ და "ამისთვის აქვთ 5 ტელევიზია". 

ინტერვიუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. 

ჟანა ნემცოვა: თქვენ თქვით, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველო რუსეთის პროვოკაციას წამოეგო. იზიარებენ თუ არა ქართველები ამ ხედვას?

სალომე ზურაბიშვილი: არა მხოლოდ ქართველები, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება. მხოლოდ 15%-ია, ვინც მხარს უჭერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 

ჟანა ნემცოვა: მაგრამ თქვენ თავს დაგესხნენ ამ განცხადების გამო

სალომე ზურაბიშვილი: ისინი დამესხნენ. ამისთვის მათ აქვთ 5 ტელევიზია, რომლებიც აწარმოებენ თავდასხმებს. ასევე, კარგად არიან ორგანიზებულები სოციალურ ქსელში. შეგიძლიათ ნებისმიერს ჰკითხოთ ქუჩაში. 

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც 10 წლის წინ მოხდა. ყველას ახსოვს, რა მოხდა 10 წლის წინ. ყველა იცნობს ან ოჯახის წევრი ყავს ისეთი, რომელიც ამ ომში იყო. ახლაც ახსოვთ, რაც წერია ტალიავინის დასკვნაში, რა თქმა მაკკეინმა, რა თქვა აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა. ახალი არაფერია. კითხვაა - და ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული - არ შეიცვალოს პასუხისმგებლობა მასზე, ვინც დამნაშავეა. ამ ვითარებაში ერთადერთი აგრესორი რუსეთია. საქართველო რუსეთში არასდროს შეჭრილა და არც აგრესორი ყოფილა. ეს აბსურდია. კითხვა, რომელიც წამოიჭრა, სხვაა - ეს საქართველოს შიდა კითხვაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რუსეთის დამნაშავედ ცნობასთან. ეს ქვეყნის შიდა შეკითხვაა და ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დაესვას მომდევნო პრეზიდენტს - შეეძლო თუ არა საქართველოს მთავრობას გაეკეთებინა მეტი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად? მომდევნო დღეებში, როდესაც აშშ-ის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ, თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც ჩამოვიდა - და ამბობდნენ, რომ დიახ, ჩვენ ვიცით, რომ პროვოკაციები მატულობს. 

კომენტარები