არჩევნები 2018

NGO-ები აუდიტის სამსახურს ენმ-ის საწინააღმდეგო გვერდის ფინანსების შესწავლას სთხოვენ

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გვერდი, სახელწოდებით "სახალხო მოძრაობა – არა ნაციზმსშეიქმნა

გვერდზე წერია, რომ ის ამომრჩეველი, ვინც ხმას რეგიონებში აძლევს და წასვლის საშუალება არ აქვს, მათი ოფისი დაეხმარება. 

"მეგობრებო, ვინც ჩაწერილები ხართ რეგიონებში, იქ აძლევთ ხმას და საშუალება არ გაქვთ ჩასვლის და თქვენი აზრის დაფიქსირების, ჩვენი ოფისი დაგეხმარებათ !!! 

ამისათვის მობრძანდით ჩვენთან რუსთაველის 34-ში კაფე პროსპეროსთან

თხოვნაა გაავრცელოთ რათა ბევრმა ადამიანმა შეძლოს ინფორმაციის მიღება", - წერია მოძრაობის გვერდზე. 

მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძეა, რომელიც ასევე არის ორგანიზაცია "პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი. 

მოძრაობამ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო - ისინი იმ ადამიანებს აღრიცხავენ, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დაბრუნება არ სურთ. 

ტაბულამ კაკაბაძეს ჰკითხა, საიდან აქვს ფინანსური სახსრები იმისთვის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაწერილი ასობით მოქალაქის ტრანსპორტირება და თბილისში დაბრუნება უზრუნველყოს, არის თუ არა ის დაკავშირებული უშუალოდ სალომე ზურაბიშვილთან. 

კაკაბაძე არ აკონკრეტებს, ვინ არის მისი ორგანიზაციის დამფინანსებელი. მისი თქმით, მოძრაობა ისეთ ადამიანებს არეგისტრირებს, ვისაც თავადაც ჰყავს მანქანები. 

"სალომე ზურაბიშვილი რაში სჭირდება. იცით რამდენი ადამიანია გაერთიანებული? წარმოდგენა გაქვთ, რამდენი ადამიანი და ორგანიზაციაა გაერთიანებული? ვარეგისტრირებთ იმ ადამიანებს, ვისაც რეგიონში სჭირდება წასვლა და ზუსტად გვეცოდინება, რამდენია ასეთი. ვარეგისტრირებთ მანქანიან ხალხსაც, ვისაც სურვილი აქვს და ჩაერთოს ამაში. გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ მანქანები ჰყავთ და უნდათ, ხალხი გადაიყვანონ. ეს სახალხო მოძრაობაა. ჩვენ ყველაფერი გამჭვირვალე და ღია გვაქვს", - ამბობს კაკაბაძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ საკითხის გამოკვლევას ითხოვენ. 

საიას აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის თქმით, აუდიტის სამსახური ამ შემთხვევაში ორი მიმართულებით უნდა დაინტერესდეს: რა ფორმით არიან შეკრებილები ეს პირები და აისახება თუ არა მათი შემოწირულობა საარჩევნო სუბიექტის დეკლარაციაში. 

"ააიპ-ის ფორმები იურიდიულ პირებს აქვთ შემოწირულობების განხორციელების უფლება, მაგრამ ააიპ-ს, არასამეწარმეო და არაკომერციულ იურიდიულ პირს არ აქვს შემოწირულობის განხორციელების უფლება, შესაბამისად, უკანონო შემოწირულობად ითვლება.

ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ კონკრეტულად რა ფორმა აქვს ამას, ეს არის ააიპ, საინიციატივო ჯგუფი თუ სხვა ფორმით არის განსაზღვრული. საინტერესოა, არიან თუ არა ფიზიკური პირები. 

იმიტომ რომ, გარდა იმისა რომ ააიპ-ს არ აქვს უფლება, განახორციელოს შემოწირულობა, ფიზიკურ პირებზე დადგენილია ლიმიტი, თუ რა ლიმიტის ფარგლებში უნდა განახორციელონ ეს შემოწირულობა და ასევე არის დანარჩენ იურიდიულ პირებზე, შპს იქნება თუ სხვა.

როდესაც კონკრეტულად პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ ხდება გარკვეული მომსახურების გაწევა, ეს შემოწირულობაში გადის. გარდა ამ საკითხებისა, ასევე საინტერესოა, მაგალითად, მოხდება თუ არა, ამ სავარაუდო ხარჯის, რის გაწევასაც ეს პირები აპირებენ, დეკლარირება სუბიექტის დეკლარაციაში. ვინაიდან ნებისმიერი შემოწირულობა, ეს იქნება ფულადი თუ არა ფულადი, მატერიალური თუ არამატერიალური, უნდა აისახოს სუბიექტის დეკლარაციაში. ამიტომ, ერთი, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს, რა ფორმით არის, ააიპ-ია, ფიზიკური პირია, შპს-ა თუ რა და მეორე, მოხდება თუ არა შემდგომ ამ ინფორმაციის ასახვა დეკლარაციაში", - ამბობს ირმა პავლიაშვილი. 

კომენტარები