არჩევნები 2018

ბახტაძე: ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტად სსრკ დიპლომატი მიუღებელია

საქართველოსადმი ამ მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას თქვა. 

ბახტაძე ამბობს, რომ "ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია". 

ბახტაძე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საბჭოთა დიპლომატის არჩევას არ დაუშვებს. ბახტაძე ამბობს, რომ ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს. მსურს, ყველა ქართველს მივულოცო ეს წარმატება ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე",- ამბობს ბახტაძე. 

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატების დროს, თქვა, რომ "საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები" და მსგავსი ფაქტები საქართველოს იმიჯს ლახავს. (პირველი არხის თარგმანი)

ასევე, რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ გუშინ თქვა, რომ "ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“ (პირველი არხის თარგმანი).

ევროპარლამენტარების შეფასებებს, "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი გამოხმაურა და აღნიშა, რომ "რუმინელი ყოფილი კომუნისტები ვერ გადაწყვეტენ საქართველოს არჩევნების შედეგებს".

კომენტარები