არჩევნები 2018

ემიგრანტები არჩევნების II ტურზე მისვლას ადგილობრივი დროით 00:00 საათამდე შეძლებენ

საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება ცესკო-ში მიმდინარე სხდომისას მიიღეს.

28 ნოემბერი ოთხშაბათია და საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდება. თუმცა, რადგან არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდებათ უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს, ცესკოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათამდე შეძლებენ მისვლას. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, იმისთვის, რომ ემიგრანტებმა სამუშაოს დასრულების შემდეგ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო ადმინისტრაციამ სამუშაო პროცესი გაიხანგრძლივა.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და ცესკოს მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს დანიშნოს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

კომენტარები