სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დასავლეთ საქართველოში გარეულმა კრაზანამ ფუტკრის ოჯახები გაანადგურა

flickr.com

დასავლეთ საქართველოში კრაზანამ ფუტკრის ოჯახები გაანადგურა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეებმა და ენტომოლოგებმა ფუტკრის ოჯახების განადგურების მიზეზები ადგილზე შეისწავლეს.

"დადგინდა, რომ მათი განადგურება დიდი რაოდენობით გარეული კრაზანას (Vespula Vulgaris) შემოსევით არის გამოწვეული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მეფუტკრეებს სამკურნალო პრეპარატების და ბიოლოგიიურო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. კრაზანა სერიოზულ ზიანს აყენებს ფუტკრის ოჯახებს, ესხმის სკას, კლავს ფუტკარს და იპარავს თაფლს" - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მეფუტკრეებს ურჩევს, გამოიყენონ მოსატყუებელი ხაფანგი.

"თუ საფუტკრეზე უკვე მოხდა კრაზანას მასობრივი თავდასხმა, სკის შესასვლელი ნაწილი უნდა შეიწამლოს სხვადასხვა ქიმიური აეროზოლით ან სინთეზური (ალპაკი, ალპგორი, აქტარი, აცე, ბესტ-ალფა, ბინგი, ბოქსი, ბრენდ დ-550, დეპისი და სხვა) ნარევებით, ასევე მოიშალოს და ან გამოიწვას კრაზანების ბუდეები.

სპეციალისტების განცხადებით, აუცილებელია სკებიდან 250 მეტრის დიამეტრზე მიწის დათვალიერება, რადგან კრაზანამ ბუდე შესაძლოა მიწაში გაიკეთოს, ბუდის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოხდეს ინსექტიციდით შესხურება" - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, სპეციალისტები მეფუტკრეებს კრაზანასთან ბრძოლის მარტივ მეთოდსაც ურჩევენ.

"ბოთლის სახურავი იხვრიტება 2,5-3 მმ-ზე, ვასხამთ 20-30 გრამ ოდნავ ამჟავებულ ტკბილ სიროფს (ამჟავებულ სიროფს ფუტკარი არ ეტანება) და ვდებთ სკების სიახლოვეს, კრაზანა ძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის. ასევე კრაზანას მისატყუებლად, იგივე პრინციპით შესაძლოა გამოვიყენოთ 0,5 ლიტრ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი" - აღნიშნავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

კომენტარები