კრიმინალი

გავრცელებული ინფორმაციით, გორის პარკში 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებენ

დაახლოებით ერთი საათია, გორის პარკში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

რუსთავი ორისა და ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარს ეძებენ.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობებით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს წლების წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი უთხრა. პოლიცია სწორედ ამ ადგილს ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ აღნიშნულ საქმეზე ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.

ცნობისთვის, გორში 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 2004 წელს 11 წლის ბიჭის გაუჩინარებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. "რადიო თავისუფლებას" ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ უთხრა, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ის მაშინ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საკითხში გაამართლა და მხოლოდ თანხის გამოძალვის ნაწილში მიიჩნია დამნაშავედ. 

2004 წელს დაკარგული 11 წლის ბიჭი დღემდე გაუჩინარებულია. 

კომენტარები