ჭარბვალიანობა

პრემიერი: ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

"დღეს მინდა გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს. ყველა ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია. ამის ნათელი მაგალითია იუნუსეფის ბოლო კვლევა, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფითად აისახება მათ შორის ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე" - თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ე.წ შავ სიაში თითქმის 700 000 მოქალაქეა მოხვედრილი.

"ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში დაბრუნებისას გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში. დავდე პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდი პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.

მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის, ე.წ სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს 100 000-ობით ოჯახს" - თქვა ბახტაძემ და განსაკუთრებული მადლობა ფონდ "ქართუს" გადაუხადა.

"რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.

შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომლის ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს, საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ  ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს მილიარდნახევარს ლარს. ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს, ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შშმ პირი.

მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს" - თქვა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ "ამ 600 000 მოქალაქის ვალების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა, მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად, ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება".

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 

კომენტარები