ვალების განულება

საია: ვალების განულების ინიციატივაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებია

facebook.com/irma.pavliashvili.18

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საბანკო სესხების განულების შესახებ მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი და საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი ტაბულასთან განმარტავს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ორ საკითხს - ერთი არის ახალი ინიციატივის ბიუჯეტში ასახვა და მეორე ამომრჩევლის მოსყიდვა კონკრეტული პარტიის მხრიდან​.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს როდის შეუძლია ხელისუფალს ბიუჯეტში ცვლილებების გატარება, რომლითაც შესაძლოა ამომრჩეველი ირიბად მოისყიდოს. ეს ვადა არის არჩევნებამდე 60 დღე, არჩევნების დღის ჩათვლით. ამ პერიოდში ისეთი სოციალური პროგრამების დამატება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული, ასევე, ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები აკრძალულია. 

საია ახლა ცდილობს გაარკვიოს, ამ გზით მიდის თუ არა ხელისუფლება და იცვლება თუ არა ბიუჯეტი ვალების განულებისთვის.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ამ ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ხედავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს. ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით.

​საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საბანკო ვალების განულების შესახებ დაპირებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვას. ორგანიზაცია აპირებს აუდიტის სამსახურს მიმართოს, რათა მათ საკითხი შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

"მსგავსი ტიპის განცხადებები ამომრჩევლების კმაყოფილების დონის აწევას ემსახურება, რათა მათ კენჭისყრის დღისთვის შესაბამისი განწყობები ჩამოუყალიბდეთ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, პარტიას მატერიალური ან არამატერიალური სიკეთის დაპირებაც კი ეკრძალება. აღსანიშნავია, რომ აქ საკმაოდ ფართო პირთა წრეზეა საუბარი. ეს რეგულაცია კანონში საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფო ფულით არ ხდებოდეს ადმინისტრაციული რესურსის, საბიუჯეტო სახსრების გამოყენება და კონკრეტული მმართველი პარტია არ აღმოჩნდეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში მმართველი პარტია არ არის საარჩევნო სუბიექტი, მაგრამ ის აქტიურად უჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს, ჩართულია აგიტაციაში და ცდილობს, რომ ამომრჩევლის კმაყოფილების დონე აიწიოს და მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს დაუჭირონ მხარი", - ამბობს ირმა პავლიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საია დაინტერესდა სხვა სოციალური პროგრამებითაც, რომელიც ხელისუფლებამ პირველი ტურის შემდეგ დააანონსა. ორგანიზაცია ამ საკითხებს სწავლობს და ვარაუდობს, რომ ისინი სწორედ ამომრჩევლის კმაყოფილების დონის აწევას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ კანონში არსებული ეს აკრძალვა ეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტს და არა მომავალს. ხოლო როცა შემდეგი წლის ბიუჯეტზე მუშაობა ემთხვევა წინასაარჩევნო კამპანიას, ანუ როგორც ახლა ხდება საქართველოში, ამ ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გაწერა აკრძალული არ არის. ირმა პავლიაშვილი ვარაუდობს, რომ ეს პროგრამები 2019 წლის ბიუჯეტში ჩაჯდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა თანაბარ საარჩევნო გარემოს ვერ უზრუნველყოფს.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. 

"ძირი და ჯარიმები, ყველაფერი არის მილიარდნახევარ ლარამდე და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ. ყველანაირი სპეკულაცია, რომ ბიუჯეტის გადამხდელის ფულით, ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით მაინც ხდება იმის სესხის გადახდა, ვინც არ გადაიხადა, არის სპეკულაციები. " - თქვა მაჭავარიანმა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 

კომენტარები