ვალების განულება

ბენიძე ვალებზე: ამომრჩევლის ამ მასშტაბით მოსყიდვის მცდელობა ბოლო წლებში არ მახსენდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

​არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ბანკების ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა.

ბენიძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ამ მასშტაბით ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არ ახსენდება.

"ცხადია, რომ ეს არის საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვა, მით უმეტეს, ყველასთვის ცნობილია ფონდი ქართუს და ქართუ ჯგუფის კავშირები ბიძინა ივანიშვილთან. ეს ყველაფერი მთლიანობაში არის სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვა. საწყის ეტაპზე, პრემიერმინისტრის განცხადებიდან გაუგებარი იყო, საერთოდ რა ფორმით და რა სქემით წარიმართებოდა ახალი პროგრამა თუ ინიციატივა, შემდეგ, როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ამ თანხას საკუთარ თავზე იღებს ფონდი ქართუ. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, უპრეცედენტო ფაქტს აქვს ადგილი, რომელიც საარჩევნო გარემოს უთანასწოროს ხდის", - ამბობს ბენიძე.

მისივე თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მზადაა ყველა ფორმით და გზით სცადოს ამომრჩევლის კეთილგანწყობის გაზრდა, რაც შემაშფოთებელია.

"ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი არამხოლოდ ამ არჩევნებისთვის, ზოგადად საარჩევნო პროცესისთვის ქვეყანაში. გამოდის, რომ ყველა, მათ შორის მომავალი ხელისუფლებებიც, ეცდება, რომ ფინანსური საკითხების ინდივიდუალურად გადაჭრით მოქალაქეების ხმები მოიპოვოს", - აღნიშნავს მიხეილ ბენიძე ტაბულასთან.

გარდა ამისა, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს ინიციატივა ზოგადად სახელმწიფოსთვისაც დამაზიანებელია, რადგან საზოგადოებაში არასწორ მოლოდინებსა და სურვილებს აჩენს. ბენიძე ვალების განულების პროგრამას არასამართლიანსაც უწოდებს.

"ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა შავ სიაში ყოფილიყო. მსგავსი ინიციატივა ახალისებს სამომავლოდ ვალის არაკეთილსინდისიერად გადახდას და მოლოდინს საზოგადოებაში, რომ გადაუხდელი ვალები შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფომ ან რომელიმე კერძო პირმა აიღოს თავის თავზე და ამ გზით ახალისებს ვალდებულებებისთვის თავის არიდებას. ამასთან, ეს არის არასამართლიანიც. დისკრიმინაციულია სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ხშირად დიდი გაჭირვებით, მაგრამ ბანკის ვალს იხდიან. არიან ასეთი ადამიანები ჩვენს გარეშე და ისინი ახლა თავს გრძნობენ დაჩაგრულად და მოტყუებულად", - აღნიშნავს ის.

მიხეილ ბენიძე ასევე ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ამ სახის პოპულისტურ ქმედებებზე ეკისრება არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც თავისი რიტორიკით ახალისებდა წარმოდგენას და მოლოდინს, რომ სახელმწიფომ მოსახლეობას ვალები უნდა დაუფაროს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ვალების განულების ინიციატივა არასწორი მესიჯი საზოგადოებისთვის და ეს არ ახალისებს ჯანსაღ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ბენიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მისი გადაჭრის გზა უნდა იყოს ისეთი, რომელიც სისტემურად აღმოფხვრის გამოწვევებს.

"რა თქმა უნდა, ეკონომიკური სიდუხჭირე სერიოზული პრობლემაა, რა თქმა უნდა, ჭარბვალიანობა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და საზოგადოების ნაწილს ნამდვილად სჭირდება ამა თუ იმ სახის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა პრობლემის გადაჭრის გზა უნდა იყოს ისეთი, რომელიც სისტემურად აღმოფხვრის ამ გამოწვევებს და არა სიმპტომატურად, ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, დროებით შეფუთავს პრობლემას. ეს სეროზული მსჯელობის საგანი უნდა იყოს, რადგან მე არ მგონია, რომ ეს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კუთხითაც სწორად გადადგმული ნაბიჯია, გარდა იმისა, რომ საარჩევნო კუთხით ბევრ პრობლემას შეიცავს", - ამბობს მიხეილ ბენიძე.

აღსანიშნავია, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროგრამების შესახებ, რომლები წინასაარჩევნოდ დაანონსდა და რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. მათ შორის არის პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატება, ბინების დაკანონება და ა.შ.

"ახალი პროექტების დაპირებები, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ინიციატივები არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა. ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია - "ქართული ოცნება", რომელსაც ხელი მიუწვდება ყველა სახის ადმინისტრაციულ რესურსზე, ცდილობს მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შანსი ფინანსური და აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაზარდოს. ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ზღვარი მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს", - აღნიშნავს ISFED-ი.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. 

"ძირი და ჯარიმები, ყველაფერი არის მილიარდნახევარ ლარამდე და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ. ყველანაირი სპეკულაცია, რომ ბიუჯეტის გადამხდელის ფულით, ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით მაინც ხდება იმის სესხის გადახდა, ვინც არ გადაიხადა, არის სპეკულაციები. " - თქვა მაჭავარიანმა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები