არჩევნები 2018

ბოკერია: ივანიშვილი ისევ ატყუებს ხალხს, რომ ასე შეძლებს მათ სიღარიბიდან გამოყვანას

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის არჩევნებში დამარცხების პანიკური შიში "ახალ ხარისხში ავიდა". ბოკერია მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება და აღნიშნა, რომ ეს არის ივანიშვილის მორიგი სიცრუე.

"სწორედ მისმა პოლიტიკამ შეიყვანა ამ მდგომარეობაში ქვეყანა, გაზარდა სიღარიბე და გაზარდა უიმედო ვალები. შემდგომში მისი ხელისუფლებაში დარჩენა არის გარანტია სიღარიბის და ამ უიმედო ვალების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდის. ამიტომ უნდა დავამარცხოთ ამ არჩევნებზე. შემდეგ კი, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის ამუშავება, გადასახადების დაწევა და სამუშაო ადგილების გაჩენა - მხოლოდ ეს არის გზა ამ ვალებიდან და სიღარიბიდან ხალხის ამოყვანის" - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ დაპირებაში ამომრჩევლის მოსყიდვის ყველა ნიშანია.

"უბრალოდ, მთავარი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ასეთი ნაბიჯის დაანონსებით ატყუებს ხალხს, როგორც 2012-ში, რომ ასე შეძლებს ამ ცუდი ვალებიდან და სიღარიბიდან ხალხის გამოყვანას. პირიქით, მისი ნაბიჯები და პოლიტიკა აღრმავებს ამ პრობლემას და სწორედ ამიტომ, უნდა დავუსვათ ამას წერტილი.

მერე ქვეყანას სჭირდება არა ასეთი ცრუ დაპირებები, რომ სიღარიბის დასაძლევად საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის ყველაფერს, რასაც ვერ და არ გააკეთებს, არამედ ეკონომიკის ამუშავება და სამუშაო ადგილების გაჩენა, ეს არის ერთადერთი გზა.

რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც არის აქ, უბრალოდ, ამ სისტემის პირობებში არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ამაზე რეაგირება მოხდება. სწორედ ამისთვის არის სისტემის შეცვლა საჭირო, რომ დანაშაულს როცა ხედავს აუდიტის სამსახური თუ პროკურატურა, რეაგირებდეს. ივანიშვილის პროკურატურა და ივანიშვილის აუდიტის სამსახური რომ არ ირეაგირებს, ეს წინასწარ ცნობილია სამწუხაროდ. ახლა ამოცანა არის, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ" - თქვა ბოკერიამ.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15 დეკემბრიდან, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები გაუნულდება. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა". ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. 

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახური ბანკის ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას არ შეისწავლის. უწყება ამას იმით ხსნის, რომ საუბარია დიდ თანხაზე და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

კომენტარები