ვალების განულება

"ქართუ": წელს ვალების განულებისთვის 100 მლნ ლარია დარეზერვებული

domsons.com

"ქართუ" ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

"ფონდი აქტიურად ეთანამშრომლება საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელებაში. „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისათვის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი", - აღნიშნავს ჩხეტიანი.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრის დღევანდელი განცხადების მიხედვით, ბანკი ქართუ ვალების განულებისთვის საჭირო დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს ფარავს.

"ძირი და ჯარიმები, ყველაფერი არის მილიარდნახევარ ლარამდე და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ. ყველანაირი სპეკულაცია, რომ ბიუჯეტის გადამხდელის ფულით, ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით მაინც ხდება იმის სესხის გადახდა, ვინც არ გადაიხადა, არის სპეკულაციები. " - თქვა მაჭავარიანმა.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დავალიანება გაუნულდება ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

კომენტარები