ბრექსითი

ბრექსითის შეთანხმება - რა პირობებით დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს

ნანუკა მიქელაძე
0 კომენტარი

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს, პარასკევს, დღის 11 საათზე დატოვებს.

რა პირობებით მოხდება ევროკავშირიდან გასვლა?

რამდენიმეთვიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა და ევროკავშირი გასვლის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. 585-გვერდიანი დოკუმენტი სამ ძირითად საკითხს ფარავს:

  • ბრიტანეთის ფინანსურ ვალდებულებებს ევროკავშირისადმი, რომელიც 39 მილიარდით განისაზღვრა.
  • პოსტ-ბრექსითულ პერიოდში ევროკავშირის მოქალაქეების უფლებებს გაერთიანებულ სამეფოში და პირიქით.
  • მექანიზმი, რომლითაც თავიდან უნდა აიცილონ “მყარი საზღვარი” ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის.

ხელშეკრულება ასევე მოიცავს მხარეების სურვილებს მომავალ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხებზე ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

რატომ აღმოჩნდა შეთანხმების მიღწევა რთული?

მართალია, რამდენიმე დეტალმა შედარებით დიდი დრო წაიღო, თუმცა ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მალე შეთანხმდნენ ე.წ “განქორწინების გადასახადსა” და მოქალაქეების უფლებებზე. "გარდამავალ პერიოდში", 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ევროკავშირის თავისუფალი მიმოსვლის წესები იმოქმედებს. მას შემდეგ, რაც "გარდამავალი პერიოდი" დასრულდება, გაერთიანებული სამეფო საკუთარ საიმიგრაციო პოლიტიკას შეიმუშავებს. 

ყველაზე პრობლემატურ საკითხს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვარი წარმოადგენდა. ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის, ხოლო ირლანდიის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამჟამად ჩრდ. ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის ფაქტობრივად საზღვარი არ არსებობს. 1968-98 წლებში ჩრდ. ირლანდიაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა უნიონისტებს (ადამიანები, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში სურდათ დარჩენა) და ნაციონალისტებს ( ადამიანები, რომლებსაც ირლანდიის რესპუბლიკასთან შეერთება სურდათ) შორის. საბოლოოდ, სისხლისღვრა წითელი პარასკევის შეთანხმებით დასრულდა - ჩრდ. ირლანდიის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭათ და ქვეყნებს შორის საზღვარი შეუმჩნეველი გახდა. ბრექსითის შემდგომ, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის წევრი აღარ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩრდ. ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, რომელიც ევროკავშირის წევრი სახლემწიფოა, შესაძლოა, ე.წ “მყარი საზღვარი” დადგინდეს. ეს დაპირისპირების საფრთხეს ქმნის.

როგორ გადაჭრეს მხარეებმა ეს პრობლემა?

თვეების განმავლობაში ბრიტანეთი უარს ამბობდა  ევროკავშირის შემოთავაზებულ ე.წ “ბექსტოპზე”, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირში უნდა დარჩენილიყო. ბრიტანეთს უარს განაპირობებდა ის ფაქტორი, რომ ამ შეთანხმებით ჩრდილოეთ ირლანდიას დანარჩენი სამეფოსგან განსხვავებულად მოეპყრობოდნენ. ტერეზა მეი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ ის ქვეყნის ერთიანობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა.

ევროკავშირი თავის მხრივ უარყოფდა ბრიტანეთის ე.წ “ბექსტოპის” შეთავაზებას, რომ  გაერთიანებული სამეფო მთლიანად დარჩენილიყო საბაჟო კავშირში.

საბოლოოდ, ევროკავშირი დათანხმდა ბრიტანეთის “ბექსტოპის” შემოთავაზებას, თუმცა საპასუხოდ, ბრიტანეთი ვერ დატოვებს ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლის, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნება. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნება, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

რა უთანხმოებები მოჰყვა ამ შეთანხმებას?

შეთანხმებას კრიტიკა მოჰყვა კონსერვატორ ბრექსითერებში. ბრექსითის მინისტრი, დომინიკ რააბი თანამდებობიდან გადადგა, მისი თქმით, ეს ხელშეკრულება გაერთიანებულ სამეფოს სამუდამოდ დატოვებს ევროკავშირის საბაჟო კავშირში, რაც აიძულებს ბრიტანეთს ევროკავშირის წესების მიღებას. კონსერვატორების ნაწილმა, ჯერ-ჯერობით 24-მა განაცხადა საჯაროდ, კონსერვატორების საპარლამენტო კომიტეტს წერილებით მიმართა, რომ ტერეზა მეის უნდობლობას უცხადებს. თუ კომიტეტს გაეგზავნება 48 წერილი, მაშინ უნდობლობის გამოცხადებაზე დაიწყება კენჭისყრა და ტერეზა მეი შეიძლება გადააყენონ.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ჩრდ. ირლანდიის დემოკრატიული უნიონისტური პარტია - რომელთა ხმებზეც პარლამენტში დამოკიდებულია მთავრობის უმრავლესობაში ყოფნა - მათი თქმით, “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ჩრდ. ირლანდიასთან მათ წითელ ხაზს კვეთს, რომ არ უნდა მოეპყრონ ჩრდ. ირლანდიას განსხვავებულად.

ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, არ მოსწონს მთავარ ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიასაც, რომლებიც თავიდანვე წინააღმდეგი იყვნენ ბრექსითის და ახლაც არ აპირებენ ამ ხელშეკრულებისთვის ხმის მიცემას.

რა იქნება შემდეგი?

ევროკავშირმა ხელშეკრულების გასაფორმებლად საგანგებო სამიტი 25 ნოემბერს დანიშნა, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება ამას ხელი შეუშალოს.

შეთანხმებამ ბრიტანეთის პარლამენტში დეკემბრის დასაწყისში  უნდა გაიაროს, რასაც, ზოგიერთის აზრით, შესაძლოა, ტერეზა მეის გადადგომა, არჩევნები ან ხელახალი რეფერენდუმი მოჰყვეს. ბრექსითის პროცედურებს ტერეზა მეი 2016 წელს ჩაუდგა სათავეში, როდესაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრად დაინიშნა. 2017 წელს მან გენერალური არჩევნების ჩატარება მოითხოვა ახალი მანდატის მისაღებად, თუმცა არჩევნების შედეგად კოსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა და საბოლოოდ, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მათ კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწიათ დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიასთან.
 

2016 წლის 23 ივნისს გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი ჩატარდა, მოსახლეობის 51,9 %-მა მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები