აშშ-რუსეთი

კრემლი აშშ-ს ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

დმიტრი პესკოვი
Reuters

კრემლი აშშ-ს ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით "აშშ აშკარად ერევა საერთაშორისო ორგანიზაციის საარჩევნო პროცესში."

საუბარია 4 ამერიკელი სენატორის, მარკო რუბიოს, კრის კუნსის, ჯინ შაჰინის და როჯერ ვიკერის განცხადებაზე, რომელშიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოუწოდეს შეეწინააღმდეგოს ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტზე რუსი ალექსანდერ პროკოპჩუკის კანდიდატურას.

პროკოპჩუკი ამჟამად ის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია და ბოლო 7 წელია, ის ინტერპოლის რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელობს.

კენჭისყრა ხვალ, 21 ნოემბერს დუბაიში გაიმართება, სადაც ინტერპოლის - საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის გენერალური ასამბლეის 87-ე სესია მიმდინარეობს. მას 192 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. სესიამ სტარტი კვირას აიღო, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი შეკრების ბოლო დღეს გადაწყდება. 

დელეგატებმა მენგ ჰონვეის შემცვლელი უნდა აირჩიონ, რომელიც ჩინეთში ოქტომბერში გაუჩინრდა, მოგვიანებით კი ჩინეთის მთავრობამ თქვა, რომ ჰონვეი კორუფციის ბრალდებით​მათ დააკავეს. 

მისი კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ბოლო წუთს გახდა. სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც კრემლი დარწმუნდა, რომ საკმარისი ხმების მიღებას შეძლებდა. 

ამის პარალელურად კი ინტერპოლზე ზეწოლა იზრდება. პუტინის მხარდაჭერილი კანდიდატის შესაძლო გამარჯვებას როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი ეწინააღმდეგება. 

ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანულმა ორგანიზაციამ Fair Trials განაცხადა, რომ "მიუღებელია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელად ისეთი ქვეყნის წარმომადგენლის დანიშნა, რომელიც ინტერპოლის წესებს ხშირად არღვევს, მაგალითად, ცდილობს გამოიყენოს სისტემა პოლიტიკურად მოტივირებული დევნისთვის".

"პოლიტიკურად მოტივირებული "განგაში" კრემლის ფავორიტი ტაქტიკაა, რომელსაც ის პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და მათთვის გადაადგილების შეზღუდვის მიზნით იყენებს. მიუხედავად ინტერპოლის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერისა, რომ აკრძალულია ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება პოლიტიკური სამხედრო, რელიგიური თუ რასობრივი კუთხით, ორგანიზაცია მარტივად ადასტურებს მოსკოვის თხოვნებს, წითელი ცირკულარი მიანიჭოს კრემლის პოლიტიკურ ოპონენტებს".

კომენტარები