არჩევნები 2018

მდინარაძე: ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის უფროსის დაჭრაში ბრალდებული ჩვენი წევრი არ არის

ქართული ოცნება

ქართული ოცნების მტკიცებით, ონში ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დაჭრაში ბრალდებული მათი პარტიის წევრი არ არის. სპციალურ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ენმ-ის სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი". მისი თქმით, დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ დაკავებული კახა ისაკაძე ქართული ოცნების წევრი და აქტივისტია.

"მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ქართულ ოცნებასთან. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია თუ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას რამენაირად დააბრალონ ასეთი ფაქტები.

მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ მსგავსი ამორალური განცხადებებისგან, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ერთადერთი, რაც მან თქვა მართალი, არის ის, რომ მთავარია ეს ადამიანი იყოს კარგად, გადარჩეს, ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის და იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დანარჩენი მის ნათქვამში იყო აბსოლუტური სიცრუე" - განაცხადა მდინარაძემ.

ონში ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ ბურდილაძე გუშინ დაჭრეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული ურთიერთშელაპარაკების გამო მოხდა.

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კახა ისაკაძე გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნოდარ ბურდილაძე იქვე მდებარე საკუთარი სახლიდან ქუჩაში გავიდა, ისაკაძეს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ისაკაძემ ბურდილაძე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახა ისაკაძე მომხდარიდან მალევე დააკავეს",- აცხადებენ შსს-ში.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას მტკიცებით, დაჭრილი ნოდარ ბურდილაძე იძულებული გახდა, თავისი მანქანით წასულიყო ონის საავადმყოფოში, რა დროსაც, გონება დაკარგა და ავტოავარია შეემთხვა.

"მას შემდეგ, რაც გონზე მოვიდა, მან როგორღაც მოახერხა და საკუთარი ფეხით მივიდა ონის საავადმყოფოში. ის გააფორმეს, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული. პარალელურად, მყარდებოდა კონტაქტი ქართული ოცნების წევრთან, ონის მერთან ემზარ საბანაძესთან, რომელიც ონში არის იგივე პერსონა, რაც ენზელ მკოიანი ახალციხეში. ის გახლავთ, შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის მამა. დილის 6 საათზე, დაჭრილი ნოდარ ბურდილაძე გადაიყვანეს თერჯოლის სააავადმყოფოში" - ამბობს მელია. ენმ-ის წევრების მტკიცებით, ექიმები ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ემზარ საბანაძის ნებართვას, რომ დაჭრილი უახლოეს საავადმყოფოში გადაეყვანათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები