მოდა

ჩინურმა ონლაინ-მაღაზიებმა Dolce&Gabbana გაყიდვიდან ამოიღეს, ბრენდი პატიებას ითხოვს

Yahoo Singapore

ჩინურმა ონლაინ-მაღაზიებმა Dolce&Gabbana გაყიდვიდან ამოიღეს. იტალიური ბრენდის გაყიდვაზე უარი თქვა მაღალი მოდის გაყიდვების მსოფლიო საიტმა NET A PORTE-მაც. ბრენდს ბოიკოტი გამოუცხადეს ჩინელმა სელებრითებმა

მიზეზი ბრენდის რეკლამა და შემდეგ სტეფანო გაბანას მიერ გაკეთებული განცხადებებია. 

Dolce&Gabbana-ს ერთსაათიანი შოუ შანხაიში უნდა გამართულიყო. შოუმდე რამდდენიმე დღით ადრე სარეკლამო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩინელი მოდელი იტალიური პიცის და პასტის ჭამას ჩინური ჩხირებით ცდილობს.

ვიდეო ჩინური კულტურის შეურაცხყოფად შეფასდა, ასევე ითქვა, რომ ის ხელს უწყობს არასწორი სტერეოტიპების გავრცელებას. 

ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სტეფანო გაბანას ბრენდის ამ საქციელის შესახებ მისწერა, საპასუხოდ კი იტალიელმა დიზაინერმა თქვა, რომ ჩინეთი ნეხვი, ბინძური და სუნიანი ქვეყანაა. 

ეს მიმოწერა გასაჯაროვდა. ჩინური სავაჭრო საიტების, სელებრითების და რიგითი ადამიანების ბოიკოტი სწორედ ამას მოჰყვა. 

შოუ შანხაიში გაუქმდა. 

ასევე, ტვიტერზე გავრცელდა ვიდეოები, რომელზეც ჩანს, რომ ადამიანები დოლჩე და გაბანას სამოსს წვავენ ან იატაკის ტილოდ იყენებენ. 

მოგვიანებით ბრენდის, ისევე როგორც სტეფანო გაბანას ინსტაგრამზე გავრცელდა განცხადებები, რომ მათი ანგარიშები გატეხეს და იმ განცხადებების ავტორი სტეფანო გაბანა არ არის.

ასევე, გავრცელდა ვიდეო, რომლითაც დიზაინერები ჩინელებს პატიებას სთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი დიზაინერი გამოირჩევა უხეში კომენტარებით. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მან მომღერალ სელენა გომესს უთხრა, რომ "მახინჯია". 

სკანდალი Dolce&Gabbana-ს, სავარაუდოდ, მილიონიბით დოლარის ზარალს მოუტანს. 

კომენტარები