არჩევნები 2018

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისთვის არჩევნების II ტური დღეს ტარდება

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ. ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა - ბაგრამის საარჩევნო უბანი - "ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - "ბაზა მარმალიზე”.

ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე.

როცა არჩევანს ყველა ჯარისკაცი გააკეთებს, საარჩევნო პროცესი დასრულდება, თუმცა, ეს ავღანეთის დროით, მაქსიმუმ 20:00 საათზე მოხდება. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას კომისიის წევრები საქართველოში ჩამოიტანენ და 28 ნოემბერს ხმებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაითვლიან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები