კრიმინალი

კაცს, რომელმაც ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმარი მოკლა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მ.ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

"საქმის მასალების თანახმად, მ.ნ.-მ გადაწყვიტა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა თბილისში, ზაჰესის დასახლებაში მცხოვრებ ცოლ-ქმარს, რომლებიც იმავე მისამართზე, სასურსათო მაღაზიას ფლობდნენ და კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლო იარაღი საბრძოლო მასალით, რომელსაც დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანის მიზნით უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. 2018 წლის 14 იანვარს, დახლოებით 22:30 საათზე მ. ნ. თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ ცოლ-ქმარს, წინააღმდეგობის გაწევისას, რამდენიმე გასროლით მოკლა ისინი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ.

"თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების, ასევე განზრახ მკვლელობის ნაწილში დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ მ. ნ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 20 წლით განუსაზღვრა. რაც შეეხება ყაჩაღობის ბრალდებას, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია პირის დამნაშავედ ცნობისათვის და მ.ნ. ბრალდების ამ ნაწილში გაამართლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები