მსოფლიო

ემანუელ მაკრონის ახალი ინიციატივით, არჩევნების დროს ყალბი ინფორმაცია დაიბლოკება

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაპირდა თავის მოსახლეობას, რომ წარადგენს კანონს, რომელიც ინტერნეტში ყალბი ახალი ამბები არჩევნების პერიოდში დაბლოკავს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელმაც 2017 წელს არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაამარცხა, ამბობს, რომ სოციალური მედია პლატფორმებისთვის საარჩევნო პერიოდში ახალი კანონმდებლობაა საჭირო.

თავის საახალწლო სიტყვაში მაკრონმა მოკლედ წარადგინა ახალი კანონი, რომლითაც ყალბი ინფორმაციების გავრცელებას შეებრძოლებიან. მისი თქმით, ყალბმა ინფორმაციამ საფრთხე შეუქმნა ლიბერალურ დემოკრატიას.

ახალი კანონმდებლობა ვებსაიტებისთვის დასპონსორებულ კონტენტთან დაკავშირებით უფრო მეტ გამჭვირვალობას მოიცავს. გვერდებს მოუწევთ იმის თქმა, თუ ვინ აფინანსებს მათ და რამდენი თანხა გადაუხადეს დასასპონსორებლად.

არჩევნების პერიოდში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაციისთვის უფლებამოსილ პირებს შეეძლებათ ამ ნიუსის წაშლა და ვებსაიტის დაბლოკვაც კი.

“თუ ჩვენ გვინდა, რომ დავიცვათ ლიბერალური დემოკრატია, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი და გვქონდეს წესები” - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მას სურს იმოქმედოს “პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც ათასობით პროფილი ავრცელებს სოციალურ მედიაში.”

2017 წლის არჩევნების დროს, მაკრონი ბევრი ყალბი ინფორმაციის სამიზნე იყო. მასზე იწერებოდა, რომ ოფშორული ანგარიშები ჰქონდა. ეს ნიუსი მაკრონისა და ლე პენის დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა. ინტერნეტში დოკუმენტებიც ქვეყნდებოდა, რომელიც, მაკრონის პარტიის თქმით, ფალსიფიცირებული იყო.

საარჩევნო კამპანიის დროს, მაკრონი რუსეთს ადანაშაულებდა “ჰიბრიდულ სტრატეგიაში, რომელიც მოიცავდა სამხედრო დაშინებასა და ინფორმაციულ ომს”. მისი თანაგუნდელების თქმით, რუსეთი ჩართული იყო დეზინფორმაციის გავრცელებაში, მათ შორის დეზინფორმაციას ავრცელებდა რუსეთის მიერ დაფინანსებული Sputnik და Russia Today.

როდესაც ვლადიმერ პუტინი არჩევნების შემდეგ საფრანგეთს ეწვია, მაკრონმა საერთო პრეს-კონფერენცია გამართა და რუსული გავლენა გააკრიტიკა, მათ შორის სწორედ Sputnik-ისა და Russia Today-ის მცდელობები გაევრცელებინა პროპაგანდა. “როდესაც მედია ავრცელებს ტყუილს, ისინი აღარ არიან ჟურნალისტები” - თქვა მაკრონმა.

კამპანიის დროს მაკრონმა ასევე უარყო ჭორები, რომ ის საიდუმლო გეი ურთიერთობაში იყო და ღალატობდა თავის ცოლს.

ლე პენმა მაკრონის ყალბი ინფორმაციის დაბლოკვასთან დაკავშირებით მაკრონის ახალი ინიციატივა გააკრიტიკა.

“ვინ გადაწყვეტს არის თუ არა ინფორმაცია ყალბი? მოსამართლეები? მთავრობა?” - დაწერა მან ტვიტერზე.

კომენტარები