ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო: WizzAir-ს არანაირი შეზღუდვა არ უწესდება, ჰაბ ჯორჯია ცრუობს

WizzAir

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ "WizzAir-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში". ცნობისთვის, ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო Wizzair-ს შეზღუდვებს უწესებს და პრობლემებს უქმნის.

ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირება, "რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას, დესტაბილიზაციას და ვნებს და აზარალებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ბიზნესგარემოზე საქართველოში".

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “WizzAir”-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება “WizzAir”-ის საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით "ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ". აღნიშნული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, გამარტივებულია ქვეყნებს შორის საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცედურები, იგი ემყარება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს შეზღუდვები ავიაკომპანიების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, ტარიფებზე, საჰაერო ხომალდის ტიპებზე და დანიშნულების პუნქტებზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელია შეუზღუდავად ევროკავშირსა და საქართველოს ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტს შორის.

შესაბამისად, ავიაკომპანია "Wizz Air"-სთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ავიაკომპანიისათვის ფრენის განრიგები მტკიცდება ამ შეთანხმების პირობების დაცვით და ყოველგვარი ბრალდება რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

უწყების შეფასებით, ჰაბ ჯორჯიას ხელმძღვანელები და "მათ უკან მდგარი პირები" არ იცნობენ საქართველოს საავიაციო კანონმდებლობას და შეთანხმებას "ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.

"ჰაბ ჯორჯია ხშირად მიმართავს დეზინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას, რითაც შეგნებულად შეცდომაში შეჰყავს ფართო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო - ლოგისტიკური წარმატებული პოლიტიკის შესახებ. ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ „ჰაბ ჯორჯიას“ არაპროფესიონალიზმს, რაც კარგად ვლინდება მათ მიერგავრცელებულ განცხადებაში" - აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო.

Wizz Air ქუთაისიდან დაფრინავს პარიზის, რომის, ათენის, ბარსელონას, პრაღის, ბუქარესტის, ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის, ლონდონის, ვროცლავის, ვენის და რიგის მიმართულებით. 

2019 წლიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პოლონეთის ქალაქებში - კრაკოვსა და გდანსკში.

კომენტარები