არჩევნები 2018

მდინარაძე აბაშის საკრებულოს დეპუტატზე: ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა, ეს არის ცუდი ფაქტი

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ფაქტი, რომ აბაშის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა, ამდვილად მძიმე დარღვევა იყო. ცნობისთვის, ნადარეიშვილმა საარჩევნო კაბინაში ბიულეტენზე ნომერი ამომრჩევლის მაგივრად შემოხაზა.

"მინდა, რეალურ დარღვევას შევეხო, სამწუხაროდ, აბაშაში დაფიქსირდა მართლაც დარღვევა, რომელიც საკრებულოს დეპუტატმა ჩაიდინა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს - ჩვენი წარმომადგენელი იქნება თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა. ამასთან დაკავშირებით დაიწყო შსს-მ გამოძიება და იქაც, იყო პროვოკაცია (ეს ჩემი პირადი ვარაუდია), იყო შეგნებული მოქმედება თუ არ იყო ეს ყველაფერი, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ - ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა, ეს არის ცუდი ფაქტი, ასეთი არავინ არ უნდა გაიმეოროს" - თქვა მდინარაძემ.

მან მოუწოდა ქართული ოცნების მხარდამჭერებს და "ნებისმიერ ადამიანს", შეიკავონ თავი მსგავსი ფაქტებისგან.

"ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს და ძალიან ცუდ სამსახურს უწევს როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე მმართველ პარტიას და ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს" - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და დარღვევის სხვა ყველა შემთხვევა უარყო. მისი მტკიცებით, ყველა ფაქტი, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა საუბრობს, მათივე ტყუილია.

ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, აბაშის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი როგორ შედის საარჩევნო კაბინაში ამომრჩეველთან ერთად და მის ნაცვლად ხაზავს ბიულეტენზე საარჩევნო ნომერს.

 

კომენტარები