ყირიმის ანექსია

პუტინი: საზღვაო შეტაკება რუსეთსა და უკრაინას შორის პროვოკაცია იყო

ვლადიმირ პუტინი
AP

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ქერჩის სრუტის საზღვაო შეტაკების ინსცენირებაში დაადანაშაულა. 

კვირას ფსბ-ს სანაპირო დაცვამ ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა სამ უკრაინულ გემს და ტყვედ აიყვანა ეკიპაჟის წევრები.

პოროშენკომ კრიზისის საპასუხოდ 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტმა. უკრაინის ლიდერმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშეა.

პუტინის ამბობს, რომ შეტაკება უკრაინის ხელისუფლების მიერ 2019 წლის არჩევნებისთვის ორგანიზებული რეიტინგის ამაღლების მცდელობა იყო.  

"ეს უკრაინის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის არჩევნებისთვის ორგანიზებული ბინძური თამაშია. რამე უნდა გაეკეთებინა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაემწვავებინა"- განაცხადა პუტინმა ინვესტირების მსოფლიო ფორუმზე. 

ქერჩის სრუტესთან ექვსი უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. ოდესიდან მარიუპოლისკენ მიმავალ უკრაინულ გემებს ფსბ-ს ოთხი ხომალდი დაუპირისპირდა. უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს მარიუპოლის და ბერდიანკსის პორტების ბლოკადას. 

დღეს, რუსეთის ტელევიზიამ ტყვედ აყვანილი უკრაინელების განცხადებები გაავრცელა. ერთ-ერთი მათგანი, ვოლოდომირ ლისოვი აცხადებს, რომ ის აცნობიერებდა უკრაინის ქმედებების "პროვოკაციულ ხასიათს". 

უკრაინის ფლოტის მეთაურის თქმით მეზღვაურებს ამ განცხადებების გაკეთება აიძულეს. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ უკრაინის ხომალდების ხელში ჩაგდება სახიფათო ექსკალაცია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. 

"ჩვენ არც ერთი კუთხით არ მოგვწონს ის, რაც ხდება. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება... ევროპელი ლიდერებთან ერთად ვმუშაობთ ამაზე." - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. 

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ქმედებები შეაფასა როგორც მადესტაბილიზებელი ქცევა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უარი თქვა რუსული ვერსიის განხილვაზე, დაგმო რუსეთის ქმედებები და უკრაინის მოწოდებული ვერსიას განიხილავს. აშშ-ს ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი რუსეთს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს და უკრაინული გემების და ეკიპაჟის გათავისუფლებას მოითხოვს. რუსეთის ქმედებები ასევე დაგმო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტასკმა. 

 

კომენტარები