არჩევნები 2018

ISFED: დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები და პროცედურული დარღვევები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის მიხედვით ხმების დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ და სხვა პროცედურულ დარღვევებს.

ანგარიშში აღნიშნულია მარნეულისა და ლაგოდეხის ოლქებში დაფიქსირებული ძალადობრივი ინციდენტები. მათ შორის ლაგოდეხის ნომერ 15-ე საარჩევნო ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან უცნობი პირის მიერ სროლა, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 59-ე საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.

ISFED-ი დარღვევების ჩამონათვალს ავრცელებს:

ძალადობრივი ფაქტები

  • #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან უცნობი პირის მხრიდან განხორციელდა სროლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. ამ უკანასკნელთა განცხადებით, უბანზე გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ და მათ არ მისცეს შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლი. დაპირისპირება მოხდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის. ადგილზე გამოსული იყო ოპოზიციის მხარდამჭერი მოსახლეობა. გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.  

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს  ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების უფლება არ მისცეს.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების უფლება შეეზღუდა. დამკვირვებელი აპირებდა საჩივრის წარდგენას აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა მისი საჩივარი არ დაარეგისტრირეს.

შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებული დარღვევები

  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნისა და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში არ იყო მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
  • #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე და #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმები არ იყო დამოწმებული კომისიის ბეჭდით.
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში არ იყო მითითებული შედგენის დრო.
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში არ იყო მითითებული შედგენის თარიღი და დრო.
  • #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მითითებული იყო შედგენის თარიღი და დრო, ხოლო დამკვირვებლისთვის მიცემულ ოქმის ასლში არა.
  • #25 წალკის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის ასლი დამკვირვებელს მდივნის ხელმოწერის გარეშე გადასცეს.
  • #61 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის ასლი ბეჭდით არ დამოწმდა.

ბიულეტენების რაოდენობა მეტია ხელმოწერების რაოდენობაზე

  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო ხელმოწერების რაოდენობაზე.
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ორით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას.

მთვლელების გამოსავლენი წილისყრის წესის დარღვევა

  • #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე მთვლელების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობა მიაღებინეს და პირველი მთვლელის ფუნქცია მიანიჭეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს.

ბიულეტენებთან დაკავშირებული ხარვეზები

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #76 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლისას გამოვლინდა 20 ბიულეტენი, რომელსაც 65-ე უბნის ნომერი ეწერა.
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე ბიულეტენი, რომელშიც გადახაზული იყო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მის სასარგებლოდ ჩათვალეს.

მასალების დალუქვის წესის დარღვევა

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბნის კომისიის ბეჭედი დალუქვის გარეშე წარადგინეს საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საერთო ჯამში "სამართლიანმა არჩევნებმა" საუბნო კომისიებში 53, ხოლო საოლქო კომისიებში 76 საჩივარი წარადგინა.

ორგანიზაცია საუბრობს ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებზეც. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 56.2% შეადგინა (+/-0.7% ცდომილების ხარისხით). აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პირველი ტურის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემს (46.6%).

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 99.9%-დან. 95%-სანდოობის ინტერვალით.

ISFED-ი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

კომენტარები