არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ვიქნები კონკორდატის გარანტორი, რასაც ის აწესებს ყველაზე სწორია

სალომე ზურაბიშვილი და კათოლიკოს-პატრიარქ
საპატრიარქო

ტაბულას კითხვას, აპირებს თუ არა არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჰქონდეს რეაქცია ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოს საქმეებში ჩარევაზე, როგორც ამას ამბობდა, ზურაბიშვილი პასუხობს:

"მე ვთქვი რომ პროტესტი მქონდა იმაზე, რომ რამდენიმე მეუფე ერეოდა პირდაპირ არჩევნებში და მოწოდებებში, ეს არის რაც არის მიუღებელი, ამავე დროს მე ვთქვი, რომ მე ვიქნებოდი კონკორდატის [კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის] გარანტორი, როგორც ახალი პრეზიდენტი და ის ურთიერთობა, რომელიც არის დაწესებული კონკორდატში არის ყველაზე სწორი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ის, რასაც მე დავიცავ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ წერია ჩემს კონსტიტუციურ მოვალეობებში, მაგრამ იმიტომ, რომ მე მჯერა, რომ ეს არის ის რაც სჭირდება ამ ქვეყნის სწორედ დაწყნარებას", - განაცხადა საპატრიარქოდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა, სადაც ის კათოლიკოს-პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შეხვდა.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, სალომე ზურაბიშვილი მღვდელმთავრების ბრალდებებს, რომ ის "კანაფის დედოფალია" ტელეკომპანია იმედის ეთერში პასუხობდა:

"მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ - არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად - მეუფეებს", - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები