არჩევნები 2018

დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი, ძალადობრივი ინციდენტები - ეუთოს დასკვნა არჩევნებზე

0 კომენტარი
ფოტო: osce/odihr

ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების II ტური შეაფასა.

დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა, ძალადობრივი ინციდენტები - ის დარღვევებია, რომელიც ორგანიზაციამ I-ლიდან II ტურამდე პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს გამოავლინა. 

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ:

"საპრეზიდენტო არჩევნების II ტური კონკურენტურ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა და ორივე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის უარყოფითი ხასიათი საფრთხის ქვეშ აყენებდა ზოგადად მთელ საარჩევნო პროცესს.

არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული; თუმცა, არჩევნების მეორე ტურის ძირითადი ასპექტების მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობამ არ უზრუნველყო სამართლებრივი სიცხადე. წინასაარჩევნო კამპანია დააზარალა ხისტმა რიტორიკამ.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გაზრდილმა მასშტაბმა კიდევ უფრო წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

კერძო მედიები კვლავაც ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ და მიკერძოებულ პოზიციას მაშინ, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება.

კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო და პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა, კენჭისყრის დღეს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნების ფაქტებმა გააძლიერა შეშფოთება ამომრჩეველთა პოტენციური დაშინების გამო". 

ეუთო აღნიშნავს, რომ მეორე ტურის ოთხშაბათ დღეს დანიშვნა საკამათო აღმოჩნდა. და მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ცესკო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, ამ გადაწყვეტილების გარშემო არსებული ფონი უარყოფითად აისახა პროცესში ჩართულ მხარეთა მხრიდან ცესკოს ნდობის ხარისხზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ცესკომ დიდი ძალისხმევა გაიღო, რომ არჩევნების პირველ ტურში წარმოშობილი პროცედურული ხარვეზების აღმოფხვრა მოეხდინა.

ეუთოს დასკვნაში საუბარია ცალკეულ ძალადობრივ ინციდენტებზე. ანგარიშში ნახსენებია საქართველოში ჩატარებული რამდენიმე ანტი ოპოზიციური და ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ოპონენტთა შორის არსებული დაძაბულობა. 

"წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო უარყოფითი, ხისტი და ზოგჯერ ძალადობრივი რეტორიკის დომინირება, რომელზეც არცერთ სახელმწიფო უწყებას არ მოუხდენია რეაგირება".

ორგანიზაცია საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს მთავრობის დაპირებებს რამდენიმე სოციალური და ფინანსური პროგრამის დაწყების, ასევე 600 ათასი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის შესახებ. 

"აღნიშნულმა შემთხვევებმა და სახელისუფლებო პარტიის მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ უფრო წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებისა და მათი პოლიტიკური უპირატესობების დეტალურად შესწავლის მიზნით და ასევე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციური და შეშფოთებას საფუძველს ქმნის, რადგან სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო ამომრჩევლები ვერ შეძლებენ თავისი ხმის თავისუფლად დაფიქსირებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებისა (OSCE) და ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით", - წერია დასკვნაში. 

ეუთო ასევე მიუთითებს მკვეთრ უთანასწორობაზე შემოწირულობებში სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ანგარიშში წერია, რომ "ორივე კანდიდატმა მიიღო მხარდაჭერა იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ მეორე ტურში და მათ მიერ გაღებული დანახარჯები აღურიცხავი დარჩა. ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე ორივე ტურისთვის წარდგენილი საჩივრების განხილვა მეორე ტურის გამოცხადემადე გაგრძელდა, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა და აძლიერებდა უნდობლობას წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი წესების აღსრულების ეფექტურობისადმი". 

ანგარიშში მედიაზეც არის საუბარი. კერძოდ, ეუთო წერს, რომ კერძო მედიები პოლარიზებულები იყვნენ მმართველი და ოპოზიციური გუნდების კანდიდატების სასარგებლოდ. 

ასევე, ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. კერძო მედია საშუალებები კვლავაც ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ პოზიციას და რეპორტაჟებში ღიად წარმოაჩენდნენ მიკერძოებულობას. რამდენიმე მათგანმა უფრო თამამად გააჟღერა თავისი პოლიტიკური პოზიცია. 

ეუთო ასევე აღნიშნავს, რომ კენჭისყრის დღე პროცედურების დაცვით, მაგრამ დაძაბულ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. თუმცა, დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი შემთხვევა, რომელთა გამოძიებაც ძალოვანმა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს. საარჩევნო უბნების გახსნა, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესები თითქმის ყველა საარჩევნო უბანში, რომლესაც დამკვირვებლები დააკვირდნენ, დადებითად შეფასდა, თუმცა შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებს გარეთ დაფიქსირებული გარემო, რასაც შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ არჩევანი. ხშირ შემთხევაში საარჩევნო უბნებს გარეთ იკრიბებოდნენ ამომრჩეველთა სიებით შეიარაღებული კანდიდატების მხარდამჭერები, რომლებიც ინიშნავდნენ, თუ ვინ მოვიდა ხმის მისაცემად. საერთაშორისო დამკვირვებლების დაკვირვებით პროცედურები ზოგადად კარგად იყო დაცული, თუმცა არსებობს თვალნათელი მინიშნება იმისა, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები და მედია საშუალებები პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებდნენ. დაფიქსირდა მათი მხრიდან ხმების დათვლის პროცესში ჩარევის მცდელობები. ზოგადი შეფასებით ხმების გადათვლის პროცესი ეფექტური, გამჭვირვალე და კარგად ადმინისტრირებული იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები