არჩევნები 2018

სკოლის დირექტორი ზუგდიდში, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, საავადმყოფოშია

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი შვილის, ადვოკატ ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, კერზაიას განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახური ქართული ოცნების სასარგებლოდ სთხოვდა მუშაობას, უარის შემდეგ კი, სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. მისი თქმით, დედამისმა ინსულტი სკოლის ამბებზე ნერვიულობის გამო მიიღო.  

ბაჩანა შენგელიას სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა, მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა Facebook-ზე პოსტი, სადაც დეტალურად წერდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე და ამას "გამოცხადებული პოლიტიკური ანგარიშსწორების ქრონიკად" აფასებდა.

"9 ნოემბერს, თბილისიდან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გამოიგზავნა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ახორციელებდნენ შემოწმებას. სინამდვილეში ეს არ იყო შემოწმება, არამედ იყო ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა. დიახ, დაკითხვა, "დასაკითხ პირებს" აფრთხილებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მუხლით (ამ დროს, ნებისმიერმა დამწყებდა იურისტმა იცის, რომ ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტის მიერ სამსახურებრივი შემოწმება არ ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებას). ერთი სრული დღე მხოლოდ სკოლის დამლაგებლების დაკითხვას დაეთმო. დაკითხვის მეთოდები იყო მაქსიმალურად ხისტი და მათ მოახერხეს ეს ე.წ. ინსპექტირების პერიოდი წარმოუდგენელი წნეხის და სტრესის ქვეშ ჰყოლოდათ მთელი სკოლა და რაც მთავარია, სკოლის დირექტორი" - წერდა შენგელია.

განათლების სამინისტროს მტკიცებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გათავისუფლების საკითხის განხილვა სამეურვეო საბჭოს სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შემდეგ სთხოვეს.

"მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა. გამოვლინდა სხვადასხვა სახის მძიმე დარღვევა. მათ შორის, ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, სკოლაში დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ა.შ. სკოლის ინსპექტირების შედეგად შედგენილი დასკვნა გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს და ეთხოვა, განიხილონ სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხი. დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს სკოლის სამეურვეო საბჭო, ვინაიდან ია კერზაია არჩეული დირექტორია", - ამბობენ განათლების სამინისტროში.

თუმცა, ადვოკატ ბაჩანა შენგელიას თქმით, ია კერზაია არაერთი შეთავაზების მიუხედავად არ გახდა ქართული ოცნების აქტივისტი და ხელისუფლებას უარი უთხრა არჩევნების წინ ე.წ. მომხრეების სიის გადაცემაზე. ის ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს კერზაიას დირექტორობის პერიოდის შესწავლა.

"ის არ არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი. არასოდეს, არც ერთი ფორმით არ გამოუხატავს თავისი პოლიტიკური სიმპათია ან ანტიპათია (ჩემგან განსხვავებით). შეგიძლიათ ნახოთ მისი ფესბუქ-გვერდი, ჰკითხოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს ან მათ მშობლებს. ის კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და ზეწოლის მიუხედავად, არ არღვევს პედაგოგიურ ეთიკას, არ ეწევა აგიტაციას არავის სასარგებლოდ. მისი დირექტორობის პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მობილობის გზით გაიზარდა ორჯერ, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სკოლის მოსწავლეებს აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტის და ხელოვნების სფეროში.

გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და მოვლენების განვითარების დინამიკა (8-ში ანონიმური წერილი, იმავე დღეს მინისტრის ბრძანება და მეორე დღეს უკვე ზემოთ აღწერილი მოვლენების დაწყება) გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ,,რეიდი’’ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტი, რომელიც მიმართულია რეგიონის სკოლების და მათი დირექტორების დასაშინებლად, მათთვის "ჭკუის სასაწავლებლად" და მესიჯად, რომ ასე მოუვა ყველას ვინც ოცნებასთან არ არის" - წერდა შენგელია.

სკოლის შემოწმების ფაქტს რამდენიმე დღის წინ თავად დირექტორი ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასოდეს არცერთი პარტიის აქტივისტი არ ყოფილა.

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია Facebook-ზე და ამბობდა, რომ თუ სამეურვეო საბჭო მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

კომენტარები