არჩევნები 2018

რატიანი: ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში პროცესები პოლიტიზირებულია, ეს არის ზეწოლა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. რატიანის შეფასებით, "ეს არის აშკარად პოლიზირებული პროცესი და ზეწოლა". 

"ირკვევა, რომ მოქალაქის საჩივარი [განათლების სამინისტროში] 8 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ შევიდა, რის შემდეგაც, მეორე დღეს, 9 ნოემბერს სკოლაში უკვე ინსპექტირების ჯგუფი შევიდა. შესაძლოა, ასეთი შეტყობინება მართლაც არსებობდა, მაგრამ ასეთი სწრაფი რეაგირება იმ ფონზე, როდესაც ხორავას ქუჩასთან დაკავშირებულ მოვლენებზე დღემდე არაფერია გამოძიებული და საპარლამენტო კომისიამ გასცა კიდეც რეკომენდაცია, რომ აუდიტის სამსახური სწორედ ამიტომ, ამ დაგვიანების გამო უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული," - ამბობს სერგო რატიანი. 

დეპუტატის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე 100-ზე მეტი სკოლის დირექტორია თანამდებობიდან გათავისუფლებული და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხშირ შემთხვევაში მათი გათავისუფლება სწორედ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. 

"უნდა მოვიდეს განათლების მინისტრი პარლამენტში და ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ამასთან, სასწრაფოდ შესასრულებელია საპარლამენტო კომისიის მიერ დადებული რეკომენდაცია, რომელიც აუდიტის სამსახურის უფროსის გათავისუფლებას ითვალისწინებს,"- თქვა რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ია კერზაიას შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია წერს, რომ დედამისმა ინსულტი სკოლის ამბებზე ნერვიულობის გამო მიიღო. მას სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა, რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე და ამას "გამოცხადებული პოლიტიკური ანგარიშსწორების ქრონიკად" აფასებდა. 

სკოლის შემოწმების ფაქტს რამდენიმე დღის წინ თავად დირექტორი ია კერზაიაც გამოეხმაურა. ის წერდა, "ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას... ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი," - წერდა კერძაია Facebook-ზე და ამბობდა, რომ თუ სამეურვეო საბჭო მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში, ინსპექტირების შედეგად, ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები გამოვლინდა. 

კომენტარები