თავდასხმა თაკო ჩარკვიანზე

კალაძე თაკო ჩარკვიანზე თავდასხმაზე: რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ხომ იცით ეს გამონათქვამი

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ  "ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს". კალაძე თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმას გამოეხმაურა.

"ფაქტი ძალიან ცუდია, ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა, მე ამაზე ყველა ჩემს გამოსვლასა და ინტერვიუში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რაც ხდებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, როგორი ბილწსიტყვაობა იყო, პირდაპირ ეთერიდან დედის გინებაზე იყვნენ გადასულები და არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ ვიღაცა ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს ამის შემდეგ" - ამბობს თბილისის მერი.

კითხვაზე, "თქვენ ამბობთ, რომ როდესაც ტელევიზიიდან ისმენენ გინებას, ამაზე შეიძლება გაღიზიანდნენ და ის რეაქცია იყოს, რაც იყო?", კახა კალაძე პასუხობს - “რასაც დასთეს, იმას მოიმკი - ხომ იცით ეს გამონათქვამი?".

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, მე ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ძალადობას, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც თქვენი გენერალური დირექტორი აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში, მხედველობაში მაქვს გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, რასაც ის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას, დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ ან ვინ უნდა ჩარეცხოს გვარამიამ?" - თქვა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, თავდასხმის საქმეზე ხულიგნობის მუხლით ერთერთი დაკავებული დავით მაჭავარიანი "უპატიოსნესი ადამიანია".

"წლების განმავლობაში პროტოკოლის უფროსია და მაგ ადამიანზე კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია" - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, ქუთაისში მას და მის ქმარს პოლიტიკურ ნიადაგზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათ შორის, საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის ქმარს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის საქმეზე ხულიგნობისთვის დაკავებული სამი პირი გაათავისუფლა. მოსამართლემ გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 ლარით დააჯარიმა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსის დავით მაჭავარიანის ბრალეულობა ჯერჯერობით არ დადასტურდა. მას დამატებითი ვადა მისცეს მტკიცებულებების წარსადგენად. 

დაკავებულების მტკიცებით, ისინი ქუთაისის აეროპორტში შეფერხებული ფრენის გამო იმყოფებოდნენ და მათ ჩხუბი არ დაუწყიათ. დაჯარიმებული პირები აპირებენ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასააჩივრონ. მათი თქმით, ისინი კონფლიქტის მონაწილეებს აშველებდნენ. მომდევნო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა.

"მილიონი სათვალთვალო კამერით და ძალიან ბევრი მოწმის ჩვენებით ისედაც დამტკიცებულია, რომ არაფერ შუაში ვარ. როდესაც ჩოჩქოლი დავინახე, გასაშველებლად მივედი. ცხოვრებაში პირველად ვნახე ის ადამიანი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა. მე აქეთ ჩემს მეგობარს ვაწყნარებდი, მონაწილეობა მხოლოდ გაშველებაში მივიღე. სისულელეა პოლიტიკური იარლიყების მიწებება, რა ძველი ბიჭები, რა დახვედრა" - ამბობს საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი. სწორედ მისი მეგობარია ძალადობის ბრალდებით დაკავებული. მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

კომენტარები