კვლევა

კვლევა: 30 წელს ზემოთ დაუქორწინებლობა გლობალური ტრენდია

0 კომენტარი
ფოტო: flickr

მკვლევარმა ნენსი სმით-ჰაფნერმა ინდონეზიის ქალაქ ჯოკიაკარტას უნივერსიტეტში თავის სტუდენტებთან საუბრისას ერთგვარი ტრენდი შენიშნა - ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც გვიან 40-იან წლებში მყოფი ქალების მხოლოდ 2% იყო დაუქორწინებელი, ახალგაზრდა ქალები ამბობდნენ, რომ ქორწინებამდე მათ სრულყოფილი განათლების მიღება და კარიერის მოწყობა სურდათ. 

სმით-ჰაფნერი დაინტერესდა იმ პრობლემებით, რომლებსაც ამ გზაზე დამდგარი ახალგაზრდა ქალები აწყდებოდნენ ცხოვრებაში. ქალები იმდენად ცდილობდნენ შესაძლებლობათა ვიწრო ფანჯარაში გაღწევას, რომ ზოგჯერ ეს მათ თითქმის შეუძლებლადაც კი ეჩვენებოდათ. განათლების მიღებასა და სამსახურზე კონცენტრირებულები მოგვიანებით საკუთარ თავებს უსვამდნენ კითხვას, თუ როგორ უნდა ეპოვათ ისეთი პარტნიორი, ვისთანაც ოჯახს შექმნიდნენ. ხანდახან ეს კითხვა იმდენად აუტანელი იყო მათთვის, რომ სტრესამდე და იმედგაცრუებამდეც კი მიდიოდნენ. ისინი ღელავდნენ, ნუთუ მხოლოდ თავად იყვნენ ასე. 

არა, ისინი მარტო არ არიან - ამბობენ მკვლევარები. ჯოკიაკარტას ახალგაზრდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ფენომენის ნაწილები არიან. ამას მკვლევარები ტერმინით "ლოდინი" მოიხსენიებენ და მათი თქმით, შესაძლოა, ამ ტრენდმა მთლიანად შეცვალოს ის, თუ როგორ ვუყურებთ და რას ვფიქრობთ სიყვარულსა და პარტნიორობაზე. 

სმით-ჰაფნერი, ბოსტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანთოროპოლოგიის მიმართულებით, აზიურ საზოგადოებებს წლების განმავლობაში იკვლევდა, მაგრამ როდესაც საქმე "ლოდინის" ფენომენზე მიდგა, მან ახალგაზრდა ინდონეზიელებსა და მის ამერიკელ სტუდენტებს შორის უფრო ნათელი პარალელების გავლება დაიწყო. 

"ორივე მათგანი ერთი პრობლემის წინაშე დგას - როგორ იპოვონ პარტნიორი,"- ამბობს ის. 

მარსია ინორნმა, ანთროპოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა იელის უნივერსიტეტიდან, სექტემბერში "ლოდინის ფენომენს" კონფერენცია მიუძღვნა. 

"ერთერთი გლობალური ტრენდი, რაც კვლევების შედეგად გამოვლინდა, არის გადადებული ქორწინება, განსაკუთრებით ადამიანთა უფრო განათლებულ ჯგუფებში და განსაკუთრებით ქალებში," - ამბობს ინორნი. 

ტრენდს მრავალი ქვეყანა მოიცავს, როგორიცაა იორდანია, ჩინეთი, აშშ, რუანდა, გვატემალა და ა.შ. და ა.შ. 

ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დაიან სინგერმენმა ტერმინი "ლოდინი" 2008 წელს შემოიღო, მას შემდეგ, რაც შუა აღმოსავლეთის ახალგაზრდა ადამიანების შესწავლით იყო დაკავებული. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ეგვიპტეში, სადაც სინგერმენის კვლევა იყო ფოკუსირებული, ქორწინება ძალიან ძვირი სიამოვნებაა ახალგაზრდა ადამიანებისთვის, ქორწინების მიღმა შვილების ყოლა კი, ჯერჯერობით სოციალურად მიუღებელი ქცევაა. მსგავსი ლოდინი ახალგაზრდა მამაკაცებზე მძიმედ მოქმედებს. დაბალანაზღაურებიანი სამსახურები, განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი ანაზღაურების მოთხოვნა და მოლოდინია, მამაკაცებს საერთოდ აღებინებს ხელს ურთიერთობებსა და შემდგომში ქორწინებებზე. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც შესაძლებელია ძვირადღირებული ქორწინების გარეშე გახდე მშობელი, შვილების გაჩენის თარიღი სულ უფრო და უფრო მეტად იწევს. პროფესორი ინორნი ამ შემთხვევაში ისეთ ქვეყნებს ასახელებს, როგორიცაა საბერძნეთი, ესპანეთი და საფრანგეთი. ჩამოთვლილ ქვეყნებში შვილების გაჩენის ასაკი მაღლაა აწეული, რადგან ახალგაზრდა ადამიანების ნაწილს ზრდასრულობის ხარჯების გაწევა არ ძალუძთ, ისევე, როგორც საკუთარი საცხოვრებლის შეძენა. 

"რატომ დებენ ადამიანები ქორწინებას და რატომ იზრდება ქორწინების ასაკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით? სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებოდა ეს, თუმცა ტრენდი გლობალურია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალებში განათლების დონე იმატებს და ხშირად ისინი მამაკაც კოლეგებს ბევრად უსწრებენ კიდეც,"- ამბობს ინორნი. 

პრობლემის გადასაჭრელად და პარტნიორის საპოვნელად ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ. დასავლურ კულტურაში, მაგალითად, ინტერნეტის საშუალებით გაცნობა და ე.წ გაცნობის აპლიკაციებია ტრენდული, ხოლო ისეთ ქვეყნებში, სადაც მუსლიმური კულტურაა დომინანტი, მაგალითად, ინდონეზიაში, ახალგაზრდა ადამიანები მაჭანკლებს მიმართავენ ან ისეთ ღონისძიებებზე დადიან, სადაც პოტენციური პარტნიორის გაცნობა არის შესაძლებელი. 

თუმცა, აკადემიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველაზე კარგი საშუალება პრობლემის გადასაჭრელად, პარადიგმების შეცვლაა. მათი თქმით, ორივე, ქალებიცა და კაცებიც გულწრფელად უნდა დაფიქრდნენ გენდერულ როლებზე და იმაზე, თუ რა სურთ ქორწინებიდან. 

ინორნი ამბობს, რომ ადამიანებს უმეტესად არა სტანდარტული ქორწინების, არამედ "დაცული და მონოგამიური პარტნიორობის" სურვილი აქვთ, სანამ შვილს მოავლენენ ქვეყანას. 

"სანამ ადამიანები არ მიხვდებიან, რომ არაფერია ცუდი იმაში, იყო მარტოხელა მშობელი, ვფიქრობ, ეს პრობლემა კვლავაც დარჩება გლობალურ პრობლემად,"- ამბობს პროფესორი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები