თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

ჩინეთში ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტიც იგეგმება

0 კომენტარი
ფოტო: საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ღვინის შემდეგ, ჩინეთში საქართველოში წარმოებული ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ექსპორტი მოხდება.

ოფიციალური ხელშეკრულებები ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

საპარტნიორო ფონდში ამბობენ, რომ ქართული ნატურალური პროდუქტების ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის გადაწყვეტილება ფორუმის პარალელურად მიმდინარე გამოფენის ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს. გამოფენაში 15-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სპეციალურად საქართველოსთვის მოწყობილ პავილიონში ქართული ნატურალური პროდუქტები იყო წარმოდგენილი.

საპარტნიორო ფონდში ამბობენ, რომ ქართული ზეითუნის ზეთის, ვისკისა და ჩაის ჩინეთში ექსპორტის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულებები აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიასთან გაფორმდა, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ძიანგსის პროვინციაში არსებულ ქართული კულტურისა და ღვინის სავანეში შედგა. ხელშეკრულებებს ხელი ქართული მხრიდან კომპანია "Georgian Olive"-ს დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ, კომპანია "Askaneli Brothers"-ის დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ, კომპანია "ნიკორას" დამფუძნებელმა პარტნიორმა დავით დუმბაძემ, ჩინური მხრიდან კი ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

"ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ჩინეთის მილიარდნახევიანი ბაზრის კარი ეხსნებათ. საქართველოში წარმოებული პროდუქტების მიმართ ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია, შესაბამისად საქართველოს საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული", - ამბობს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძემ.

"ქართული კულტურისა და ღვინის სავანეს" დამფუძნებელი და "აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს.

"ჩვენ "საპარტნიორო ფონდთან" ერთობლივ პროექტებზე ვმუშაობთ. ფონდი ჩინეთში ქართული ნატურალურ პროდუქტებსაც უწევს პოპულარიზაციას. ერთად ვზრუნავთ ჩინურ ბაზარზე გამოჩნდეს არა მარტო ქართული ღვინო, არამედ ის ქართული პროდუქტები, რომლის მიმართაც ჩინეთში დიდი ინტერესია. საქართველოს საექსპორტო პოტენციალი დიდია და საქართველო-ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამაში ხელს გვიწყობს", - თქვა ლიუ ძი მინიმ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას ძიანგსის პროვინციაში გამართულ ბიზნეს ფორუმში მონაწილე საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ. კერძოდ, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები