ჩრდილოეთ კორეა

სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო ბაზებს აფართოვებს

0 კომენტარი
ფოტო: KCNA

CNN-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა, შეთანხმების მიუხედავად, რაკეტების შექმნაზე და გამოსაცდელ ბაზებზე მუშაობას აგრძელებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სურათების მიხედვით იონგიო-დონის ბაზა გაფართოვდა და გარდა ამისა გამოჩნდა აქამდე უცნობი ბაზაც, რომელიც, შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტებისათვის გამოიყენებოდეს. ბაზებზე მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსებია, რომელიც რაკეტების შესანახად გამოიყენება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ჩრდილოეთ კორეაში მსგავს აქტივობებს, თუმცა ამ დროისათვის მოპოვებული ინფრომაციის გაზიარება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აგვისტოს ანგარიშის მიხედვით მათმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობას აგრძელებს. სააგენტოს მიხედვით შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა ურანის გამდიდრებაზე მუშაობდეს.

ივნისის ბოლოს ამერიკულმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის საკვლევი ცენტრები უმჯობესდება.

ივლისში კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული შეთანხმების მიუხედავად ახალი ბალისტიკური რაკეტების შექმნას აგრძელებს. ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთი ან ორი ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტის შექმნაზე მუშაობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები