მარგველაშვილი ხელისუფლებას: არ გაუუქმოთ მომავალ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გაუუქმოს მომავალ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი.

ამის შესახებ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე ისაუბრა. 

"ეს ფონდი არის შესაძლებლობა იყო პიროვნულ შეხებაში შენს მოქალაქეებთან და მოვუწოდებ მათ, რომ არ შეკვეცონ, არამედ პირიქით, მისცენ მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა უფრო მეტად ეურთიერთოს საქართველოს მოქალაქეებს და მეტად მისცენ შესაძლებლობა, რომ ემსახუროს თავის სამშობლოს, მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამას შემისმენენ,"- თქვა მოქმედმა პრეზიდენტმა. 

მეორე ტურის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების საკითხს. 2019 წლის ბიუჯეტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის 0 ლარია გამოყოფილი, მაშინ, როდესაც 2018 წელს ფონდი ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარით შეივსო. 

გარდა სარეზერვო ფონდისა, მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი. თუ 2018 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9 800 000 ლარს შეადგენდა, 2019 წლისთვის 6 000 000 ლარია გამოყოფილი. 

ამასთან, მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა - 2018 წლის ბიუჯეტში წერია, რომ აქ 140 ადამიანი მუშაობდა. 2019 წელს კი დასაქმებულთა რიცხვი 60 იქნება.

კომენტარები