სამადაშვილი: არ წავალ იმ აქციებზე, სადაც ვაშაძეს, როგორც პრეზიდენტს, ისე მიესალმებიან

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ის არ მივა "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ დაგეგმილ აქციებზე, თუ იქ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს "ისე მიესალმებიან, როგორც პრეზიდენტს". 

Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სამადაშვილი წერს, რომ საუბარმა არჩევნების არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე და არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, არაღიარებაზე საუბრით, საერთაშორისო შეფასებები ნაკლებად კრიტიკული იყო, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო. 

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. 

"ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც," - წერს სამადაშვილი. 

2 დეკემბერს პარლამენტის ძველ შენობასთან ჩატარებულ ოპოზიციურ აქციაზე, მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელისუფლებას ვადას სწორედ 16 დეკემბრამდე, ინაუგურაციის დღემდე აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ დრომდე მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, ოპოზიციამ აქციების განახლება დააანონსა. 

ოპოზიციის მოთხოვნა პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე დანიშვნაა. ამასთან, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

კომენტარები