უცხოელებზე მიწის გასხვისება

"მიწას არ გაგაყიდინებთ" - ქართული მარში იუსტიციის სახლის პიკეტირებას აპირებს

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

ძალადობრივი ჯგუფი ქართული მარში ხვალ, 10 დეკემბერს, დილის 09:00 საათიდან, იუსტიციის სახლის პიკეტირებას აპირებს. ორგანიზაციის Facebook გვერდზე წერია, რომ ეს "პატრიოტულ ძალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის შედეგად გადაწყდა". ქართული მარშის წევრები ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს "ანტიქართულ" გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ და აქციას მისი აღსრულების წინააღმდეგ მოაწყობენ.

"გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეული ნაკვეთის უცხოტომელებზე რეგისტრაცია იგეგმება! ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ" - აცხადებს ქართული მარში.

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული  მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე მიიღეს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.

ახალი კონსტიტუცია ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის. ახალი კონსტიტუცია მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს - კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც "მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და მოითხოვს მიწაზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით". ეს ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა, როგორც ახალ კონსტიტუციაში წერია, "იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე".

სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისებაზე ბოლო მორატორიუმი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 16 ივნისს მიიღო.

მანამდე კი 2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. ცვლილების შედეგად მრავალ პირს საკუთრების უფლება შეეზღუდა, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.

კომენტარები