არჩევნები 2018

ძალა ერთობაშია მოსყიდვის მუხლის საფუძველზე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

ძალა ერთობაშია

ძალა ერთობაშია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ამის მიზეზი ზურაბიშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაა. მისი თქმით, ისინი სასამართლოს მიმართავენ და საჩივარს საფუძვლად საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლს დაუდებენ. 

საარჩევნო კოდექსის 47-ე, ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლში წერია: 

1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები­­­დან არჩევნ­ების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა)  საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი სასამართლოში წარადგენენ ამომრჩევლის მოსყიდვის ამსახველ ვიდეო მასალას. მათ შორის კარტოფილის და ხახვის დარიგებას, ასევე 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერის დაპირებას. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებშიც შესაძლო მოსყიდვაზეა საუბარი. 

ასევე, ძალა ერთობაშია მიმართავს პროკურატურასაც და ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 164/1 მუხლის (ამომრჩევლის მოსყიდვა) შესაბამისად, დაიწყოს გამოძიება საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის და კახა კალაძის მიმართ, რომელიც ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები