პურის გაძვირება

რატომ გაძვირდა პური? - ეკონომისტების მოსაზრება

seriouseats.com

პური 5-10 თეთრით გაძვირდა. ეკონომისტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რასაც შესაძლოა, პურზე ფასის ზრდა გამოეწვია. 

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი "ტაბულასთან" საუბრისას პურზე ფასის ზრდის სავარაუდო 3 ძირითად ფაქტორს გამოყოფს. 

პირველი, ხორგუაშვილის თქმით, ზოგადად, ინფლაციურ პროცესებს ეხება. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ 2018 წელს ინფლაცია 3% უნდა ყოფილიყო, თუმცა საქსტატის მონაცემების თანახმად, ნოემბრის ჩათვლით ინფლაცია 1.9% იყო. 

"აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, არჩევნებამდე ხომ არ მოხდა ხელოვნურად ფასების შენარჩუნება გარკვეულ დონეზე. თუკი 2018 წელს 3%-იან ინფლაციას ველოდებოდით, ეს ნიშნავს იმას, რომ დეკემბერში მთავრობა ისედაც ელოდებოდა და გვპირდებოდა ფასების შემდგომ ზრდას, უბრალოდ, პურმა გახსნა სეზონი. შესაძლოა, ტენდენცია სხვა პროდუქტებსაც გადაედოს,"- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი. 

ეკონომისტის შეფასებით, მეორე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა პურზე და მის პროდუქტზე ფასი გაზრდილიყო, მთავრობის მიერ შემოღებული ეკონომიკური რეგულაციებია, რაშიც სატრანსპორტო შეზღუდვებს გულისხმობს:

"როდესაც ფქვილის და სიმინდის შემოტანა აიკრძალა, გარდა პორტისა და მატარებლისა, ამან გაზარდა ფასი და შეამცირა მიწოდება".

მესამე მიზეზად ეკონომისტი ხორგუაშვილი ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას განიხილავს. 

"ნომინალში კი გაიზარდა რაღაც X ფასით, მაგრამ რეალურად 2-ლარიანი ზრდა იყო. ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობა არის არასახარბიელო, რაც რა თქმა უნდა, იწვევს ფასების ზრდას, მაგრამ ყოველთვის ფასების ზრდა და ინფლაცია მაინც უკავშირდება ფულის მასის ზრდას, რაც ეროვნული ბანკის ფუნქციაა, რომ ყურადღება მიაქციოს და იზრუნოს ფასების ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სხვა თანაბარ პირობებში, რა თქმა უნდა, ფულის მასებს როდესაც ზრდის ეროვნული ბანკი, მაშინ იზრდება ფასებიც,"- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი. 

სხვა მიზეზებთან ერთად, პურის ფასის ზრდაზე საუბრისას ხორბლის სატრანსპორტო ხარჯების ფაქტორს განიხილავს კიდევ ერთი ეკონომისტი აკაკი ცომაია. 

"ტაბულასთან" საუბრისას, ცომაია ამბობს, რომ დიდი ხანია მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პური შესაძლოა, გაძვირებულიყო. 

"სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს ამას, მათ შორის, ესენია, სავარაუდოდ, სატრანსპორტო დანახარჯების ზრდა, თავად ხორბლის ფასის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე და სავალუტო კურსის მერყეობა.

ასევე, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ხორბლის ბაზარზე ადგილი ჰქონდეს ერთგვარ არასრულყოფილი კონკურენციის ნიშნებს. ბაზარზე ხორბლის ბევრი შემომტანი არ არის, გვაქვს ერთგვარი ოლიგოპოლიის ნიშნები და, შედეგად, მწარმოებლებს შეუძლიათ, ფასზე გავლენის მოხდენა.

რეალურად, სხვა ფაქტორი არ გვაქვს. ეს არის იმ მიზეზების ერთობლიობა, რის გამოც, შეიძლებოდა, რომ ხორბალი გაძვირებულიყო,"- ამბობს ცომაია. 

კომენტარები