მთის განვითარება

ბახტაძე: მთა საქართველოს სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, შევინახოთ და დავიცვათ დაცარიელებისგან

მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ დიდ სიმდიდრეს, შევინახოთ და დავიცვათ დაცარიელებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს "ექსპო ჯორჯიაში" მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას თქვა.

როგორც ბახტაძე ამბობს, მთის განვითარება საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და მიიღო მთის კანონი, რომელიც მთის მოსახლეობისთვის პირველი რიგის ამოცანების გადაჭრას გულისხმობს.

"ეს ძირითადად არის ფულადი დახმარება, რომელიც ბევრ სეგმენტს მოიცავს - ოჯახებისთვის ახალდაბადებულ ბავშვებზე დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაიცა, საპენსიო დანამატისთვის - 61 მილიონი, სოციალურ პაკეტზე დანამატის სახით -  წარმოდგენილი იყო თითქმის 8 მილიონი ლარი, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით - გამოიყო 9 მილიონი, ხოლო მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა დაახლოებით 20 მილიონი ლარი. მინდა ჩემი განსაკუთრებული სითბო გამოვხატო სწორედ ამ ხალხის მიმართ, მასწავლებლების მიმართ. თითოეული თქვენთაგანი არის საქართველოს ნამდვილი გმირი. ამ დანიშნულებით დღემდე დახარჯულია 110 მილიონ ლარზე მეტი. ამასთან ერთად, უკვე დაახლოებით 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით",- ამბობს ბახტაძე. 

პრემიერმინისტრის თქმით, მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომელმაც უკვე გამოყო 66 მილიონი ლარი მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

მისივე თქმით, მთის მკაცრ პირობებში ცხოვრების სირთულიდან გამომდინარე თითოეული მთაში მცხოვრები ადამიანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია.

"დღეს, 11 დეკემბერს, მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს  პირველად ჩვენც ვუერთდებით ამ დღეს და იმედი მაქვს, ეს ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ საქართველოს ნახევარზე მეტი არის მთიანი. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთის და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ მთელი საქართველოს იმედი ხართ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს. თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია.  ეს თქვენი დიდი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ და აგრძელებთ წინაპრების ტრადიციებს და დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს",- აღნიშნა მან. 

კომენტარები