არჩევნები 2018

"ძალა ერთობაშია" ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციას გამართავს 

ტაბულა

ძალა ერთობაშია 16 დეკემბერს თელავში აქციას გამართავს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აქცია გაიმართება თბილისშიც, თუმცა, ყველაზე მასშტაბური აქცია სწორედ თელავში ჩატარდება, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია არის დაგეგმილი. 

თელავში აქციის შესახებ "ძალა ერთობაშია" რამდენიმე დღეა, საუბრობს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება, შედგებოდა თუ არა ის, ამ დრომდე მიღებული არ ჰქონდათ. 

"საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში ჩატარდა კრიმინალური დაჯგუფებების და მათთან შეზრდილი კორუმპირებული ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი იყო ქართული საზოგადოების, ერის და ამომრჩევლის აზრის გაყალბება. ეს დადასტურებულია ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ. 

იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეგონა და გაეთვალისწინებინა 800 000-ზე მეტი ამომრჩევლის აზრი, ჩვენ მათ 2 დეკემბერის აქციაზე შევთავაზეთ კომპრომისზე დაფუძნებული, ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი პოლიტიკური პროცესის დაწყება. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ე.წ ხელისუფლებამ უტიფრად, სრული იგნორირება გაუკეთა ამ შეთავაზებას. 

არ არსებობს სიტუაცია, როდესაც 800 ათასი ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და ღამის დარაჯის დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს. რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დამკვირვებლების აზრი. რადგან მათ ყურთ არ იღო ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, ამიტომ, 16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელში მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია", - თქვა დღეს გრიგოლ ვაშაძემ. 

აზრთა სხვადასხვაობაა უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ "არ წავა იმ აქციაზე, სადაც გრიგოლ ვაშაძეს, როგორც პრეზიდენტს, ისე მიესალმებიან". სამადაშვილისვე თქმით, საუბარმა არჩევნების არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე და არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, არაღიარებაზე საუბრით, საერთაშორისო შეფასებები ნაკლებად კრიტიკული იყო, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო და რომ ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება იმაზე ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. 

დეპუტატმა ფეისბუქზე ასევე დაწერა, რომ ინაუგურაციისას აქციამ არ უნდა შექმნას "ალტერნატიულ რეალობაში" არსებობის აღქმა. მისივე თქმით, აქციებზე არ უნდა ისაუბრონ სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურობის საკითხზე, არამედ დააყენონ საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლის - პროპორციულ წესზე გადასვლის მოთხოვნა.  

სალომე სამადაშვილის ამ განცხადებების შინაარსზე გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე არ ისაუბრა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ რომ განცხადება, რომელიც "ძალა ერთობაშიას" ტრიბუნიდან არ კეთდება, ოფიციალური არ არის. 

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. 

კომენტარები