ევოლუციური კოგნიცია

ვართ თუ არა საკმარისად ჭკვიანები, რომ ვიცოდეთ რამდენად ჭკვიანები არიან ცხოველები?

0 კომენტარი
ფრანს დე ვაალი ფოტო: www.ted.com

ფრანს დე ვაალი ჰოლანდიელი ბიოლოგი, პრიმატოლოგი და ეთოლოგია. ის ემორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი და პრიმატების ევოლუციის კვლევის იერკსის ეროვნული ცენტრის განყოფილების, Living Links-ის ხელმძღვანელია. 
2007 წელს ფრანს დე ვაალი ჟურნალ Time-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცოცხალ ადამიანთა ასეულში მოხვდა. 2011 წელს ჟურნალმა Discover იგი მეცნიერების ყველა დროის 47 ყველაზე დიდ მოაზროვნეთა სიაში შეიყვანა. 

2013 წლიდან ფრანს დე ვაალი უტრეხტის უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორია. ის აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ამერიკის ხელოვნების და მეცნიერების აკადემიის, ამერიკის ფილოსოფოსთა საზოგადოების და ჰოლანდის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის არჩეული წევრია. 

ფრანს დე ვაალი ჟურნალ Behaviour-ის მთავარი რედაქტორია, მას გამოქვეყნებული აქვს ასობით სტატია სამეცნიერო ჟურნალებში Science, Nature და Scientific American.

პროფესორი დე ვაალი თავის სტუდენტებთან ერთად იკვლევს კულტურას, ინტელექტს, ემპათიას, თანამშრომლობას და სხვა, ერთი შეხედვით მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს შიმპანზეებში, ბონობოებში და სხვა ცხოველებში.

ფრანს დე ვალის წიგნები თარგმნილია ოც ენაზე. ისინი პოპულარულია როგორც სამეცნიერო საზოგადოებაში, ასევე ზოგად მოსახლეობაში და პოლიტიკოსებში. 1994 წელს, ამერიკელმა პოლიტიკოსმა, წარმომადგენელთა პალატის მაშინდელმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა პალატის ახალბედა წევრებს ურჩია, წაეკითხათ ფრანს დე ვაალის წიგნი "შიმპანზეების პოლიტიკა."

თავის ბოლო წიგნში, "ვართ თუ არა საკმარისად ჭკვიანები, რომ ვიცოდეთ რამდენად ჭკვიანები არიან ცხოველები", ფრანს დე ვაალმა ახალი დარგი, ევოლუციური კოგნიცია ჩამოაყალიბა. წიგნთან დაკავშირებით მე მას ექვსი კითხვით მივმართე. 

რა არის ცნება Umwelt-ის განმარტება და რა კავშირი აქვს მას ფილოსოფოს თომას ნაგელის აზრობრივ ექსპერიმენტთან, რომელიც მან აღწერა თავის ესეიში “როგორია იყო ღამურა?

(ცნობიერების მეცნიერებაში ყველაზე ხშირად ციტირებულ სტატიაში "როგორია, იყო ღამურა?" ფილოსოფოსი თომას ნაგელი წერს, რომ ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ, რადგან არ შეგვიძლია სხვა სახეობების და ორგანიზმების სუბიექტურ სამყაროში შეღწევა. ) 

Umwelt-ი ნაგელის სტატიაზე გაცილებით ძველი კონცეფციაა, ის გერმანელმა ბიოლოგმა, იაკობ ფონ უექსკულმა შემოიტანა. კონცეფცია Umwelt კავშირშია, თუ როგორ აღიქვამს ორგანიზმი თავის გარემოს, რომელიც დამოკიდებულია შეგრძნებებზე და თუ რა არის მნიშვნელოვანი სამყაროში. ამგვარად, ფრინველი ხედავს სამყაროს ხმელეთის ცხოველებისგან განსხვავებულად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხედველობას ეყრდნობა. იმ სახეობების Umwelt, რომლებიც სხვადასხვა შეგრძნებებს ეყრდნობიან (ძაღლი vs ადამიანი) მკვეთრად განსხვავებულია.

ზოგიერთი ცხოველი აღიქვამს ულტრაიისფერ სინათლეს, მაშინ როცა სხვები ცხოვრობენ სუნების სამყაროში, ან როგორც ვარსკვლავ-ცხვირიანი თხუნელა მიწისქვეშ იკვლევენ თავიანთ გზას. ზოგი მუხის ტოტებზე ცხოვრობს, სხვები მისი ქერქის ქვეშ მაშინ, როცა მელიების ოჯახი მუხის ფესვების ქვეშ სოროს თხრის. თითოეული ერთსა და იმავე ხეს სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

თომას ნაგელის შეხედულებები კონცეფცია Ummwelt-ის თანამედროვე ვერსიაა, ის პესიმისტი იყო და ფიქრობდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იქნებოდა ღამურად ყოფნა.

რით განსხვავდება ევოლუციური კოგნიციის მეთოდები სხვა დისციპლინების, სკოლების და ფილოსოფიური ტრადიციების მეთოდებისგან?

ევოლუციური კოგნიციის დარგი აერთიანებს ეთოლოგიის მეთოდებს (ბუნებრივი ქცევა, ადაპტაციები, განსხვავებები სახეობებს შორის), შედარებითი ფსიქოლოგიის მეთოდებს (დასწავლის ექსპერიმენტები, მეხსიერება, კოგნიცია) და ამავე დროს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, თუ რით გამოირჩევა თითოეული სახეობა, რა მნიშვნელობა აქვს ტვინის ზომას, რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას.

ევოლუციური კოგნიცია უფრო ღიაა ცხოველების შესაძლებლობების მიმართ. იმის ნაცვლად, რომ ისინი პრიმიტიულებად და დაბალი ინტელექტის მქონეებად წარმოაჩინოს, რაც აქამდე ხდებოდა, ის ღიაა ცხოველების ბევრი განსხვავებული უნარის და ასევე ცნობიერების და ემოციების მიმართ - საკითხები, რომლებსაც ეთოლოგია და შედარებითი ფსიქოლოგია ხშირად თავს არიდებდა. ის უფრო და უფრო ერწყმის ნეირომეცნიერებას, დარგს, რომელიც წარსულში უგულებელყოფილი იყო.

შეგიძლიათ მოიტანოთ რამდენიმე მაგალითი, სადაც ცხოველები ერთვებიან მენტალურ დროში მოგზაურობაში, ანუ  მოგზაურობენ დამახსოვრებული წარსულიდან განჭვრეტად მომავალში?

მე ერთხელ ვწვრთნიდი შიმპანზეს სახელად კუიფი, რომ გამოეკვება ნაშვილები ახალშობილი შიმპანზე ბოთლით. კუიფი ყველა კუთხით ისე იქცეოდა, როგორც ახალშობილის დედა, თუმცა არ ჰქონდა საკმარისი საკუთარი რძე, რომ გამოეკვება ახალშობილი. ჩვენ მას ვაწვდიდით თბილი რძის ბოთლს, რომელსაც იგი ფრთხილად აძლევდა ახალშობილ მაიმუნს. კუიფი იმდენად დაოსტატდა ამაში, რომ თუ ბავშვს დაბოყინება სჭირდებოდა ის ბოთლს აშორებდა. ეს პროექტი მოითხოვდა, რომ კუიფი და ახალშობილი, რომელიც მას დღე და ღამე სხეულით დაჰყავდა, დღის განმავლობაში შიგნით შესულიყვნენ მაშინ, როცა დანარჩენი კოლონია გარეთ რჩებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ შევნიშნეთ, რომ სწორი გზით მოსვლის ნაცვლად კუიფი შემოვლითი გზით მოდიოდა. ის წრეს არტყამდა კუნძულს, ნახულობდა ალფა მამრს, ალფა მდედრს და რამდენიმე კარგ მეგობარს, თითოეულ მათგანს კოცნიდა და შემდეგ შემოდიოდა შენობაში. თუ სხვებს ეძინათ, ის მათ გამოსამშვიდობებლად აღვიძებდა. 

თუმცა, შესაძლოა ყველაზე კარგი ილუსტრაცია, ათობით მაგალითს შორის, რომლებიც შემიძლია შემოგთავაზო არის ბონობო სახელად ლისალა, რომელიც კინშასას მახლობლად Lola ya Bonobo-ს თავშესაფარში ცხოვრობს, სადაც ჩვენ ვატარებდით კვლევებს ემპათიაზე. 

ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა ზანა კლეიმ მოულოდნელად შენიშნა, რომ ლისალამ აიღო უზარმაზარი 7 კილოგრამიანი ქვა და ის ზურგზე წამოიკიდა. ლისალა მხრებით ატარებდა ამ მძიმე ტვირთს მაშინ, როცა ნაშიერი უკანა ტანზე ჰყავდა მოჭიდებული. ეს უცნაური იყო, რადგან ქვა აფერხებდა მის მოგზაურობას და მისგან დამატებით ენერგიას მოითხოვდა.

ზანამ ჩართო თავისი ვიდეო კამერა, რათა გაერკვია, თუ რისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო ქვა. მან გადაიღო ლისალას ნახევარ კილომეტრიანი გზა. გზად შიმპანზე მხოლოდ ერთხელ შეჩერდა, როცა მან ქვა ძირს დადო და აიღო სხვა საგნები, რომელთა ამოცნობა რთული იყო. ამის შემდეგ მან განაგრძო სიარული და 10 წუთში მივიდა დანიშნულების ადგილთან, ქვის უზარმაზარ ფილასთან. ხელის რამდენიმე მოსმით მან გადაწმინდა მტვერი და შემდეგ ლოდზე მოათავსა თავისი 7 კილოგრამიანი ქვა, ნაშიერი და შეგროვებული ნივთები, რომელიც ერთი მუჭა პალმის თხილი აღმოჩნდა.

მან დაიწყო ამ უკიდურესად მაგარი თხილის გატეხვა, ისინი ქვის დიდ გრდემლზე მოათავსა და თავისი შვიდ კილოგრამიანი ქვით ურტყამდა ისე, თითქოს ხელში ჩაქუჩი ეჭირა. ამ აქტივობაში მან დაახლოებით 15 წუთი დახარჯა და იარაღი ადგილზე დატოვა. რთული წარმოსადგენია, რომ ლისალას ეს ყველაფერი გაეკეთებინა გეგმის გარეშე, რომელიც მას თხილის აღებამდე ჰქონდა. მან სავარაუდოდ იცოდა, თუ სად ეპოვა თხილი, შესაბამისად, თავისი მარშრუტი ამ ადგილის გავლით დაგეგმა და საბოლოოდ აღმოჩნდა იმ ადგილას, სადაც მან იცოდა, რომ იპოვიდა სათანადოდ მყარ ზედაპირს თხილის გასატეხად. 

შეგიძლიათ მომიყვეთ ცხოველების კულტურის პირველი მტკიცებულებების შესახებ კუნძულ კოშიმას მაიმუნებში? სხვა რომელ სახეობებს აქვთ კულტურა?

ეს ამბავი იწყება იაპონელი ეკოლოგის და ანთროპოლოგის კინჯი იმანიშის მოსაზრებიდან. ის არწმუნებდა სტუდენტებს და მიმდევრებს, რომ არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს კულტურა უნიკალურად ადამიანური. ის ამტკიცებდა, რომ, თუ ცხოველები ერთმანეთისგან სწავლობენ და ამის შედეგად ჯგუფი სხვა ჯგუფისგან განსხვავებულად იქცევა, ეს კულტურაა. შემდეგ მისმა სტუდენტებმა აღმოაჩინეს მაკაკების მიერ ტკბილი კარტოფილის რეცხვა, ქცევა რომელიც თავიდან წამოიწყო ახალგაზრდა მდედრმა სახელად IMO და შემდეგ გავრცელდა კუნძულის სხვა მაიმუნებშიც. ეს კვლევა აღწერილია ჩემს წიგნში “მაიმუნი და სუშის ოსტატი.” ეს პრიმატებში სოციალური ტრადიციის პირველი მტკიცებულებაა.

ჩვენ გვაქვს ცხოველების კულტურის მტკიცებულებები ბევრ პრიმატში, თუმცა ასევე ვეშაპებში, დელფინებში და ფრინველებში (ჭიკჭიკი).

რა კავშირი აქვს ოსტატობის შეძენის ინსტინქტს, ენას, ცხოველების კომუნიკაციის სხვა ფორმებთან, როგორებიცაა ფუტკრების ცეკვა?

ენა განსაკუთრებულია, რადგან ის სიმბოლური კომუნიკაციაა, რომელიც დასწავლილია. ჩვენ ვიბადებით ენის უნარით, მაგრამ უნდა დავისწავლოთ ჩვენი კულტურის სიმბოლოები, სხვა არცერთ ცხოველს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, არ აქვს ასეთი მრავალმხრივი და მდიდარი სისტემა.

თუმცა, ცხადია, კომუნიკაცია ახალი არაა. კომუნიკაცია ყველა ცხოველს შეუძლია, ხშირად საკმაოდ რთულიც კი, როგორებიცაა ფუტკრების ცეკვა (waggle dance) რომელიც მათ აძლევს საშუალებას გაცვალონ ინფორმაცია შორეული საგნების შესახებ. ან ვეშაპების ვოკალური მიმოცვლები, რომლებიც ატარებს სიგნალებს, რომლებიც წყალქვეშ კილომეტრებს გადის.

ადამიანების არავერბალური კომუნიკაცია (სახის გამომეტყველებები, სიცილი, ტირილი, ხელის ჟესტები) გამორჩეულად ჰგავს შიმპანზეების და ბონობოებისას, ამგვარად, ამ დონეზე კომუნიკაცია ახალი არაა.

მაგრამ ენა არის.

აქვთ თუ არა ცხოველებს მორალის შეგრძნება და რა შეიძლება იყოს მისი ადაპტაციური ღირებულება?

ბევრ ცხოველს აქვს უნარები, რომლებიც ცენტრალურია ადამიანის მორალისთვის, როგორებიცაა სხვებისკენ მიმართული ემპათია, სამართლიანობის განცდა, ერთგულება, წესების დაცვის უნარი და ასე შემდეგ. ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია მეტწილად იმიტომ, რომ მას შეუძლია ისწავლოს ქცევის გარკვეული წესები. ყველა ეს უნარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ემპათია, ცენტრალურია ადამიანური მორალისთვის. მათ გარეშე ის ვერ იარსებებდა. ეს არ აქცევს შიმპანზეებს და სხვა ცხოველებს მორალურ არსებებად იმ აზრით, რა აზრითაც ჩვენ ვართ, მაგრამ იდეა, რომ მორალი ადამიანის გამოგონებაა მცდარია. მორალი ემყარება მაიმუნების ზოგად სოციალურობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები