ანა ნაცვლიშვილი

ნაცვლიშვილი: დღეს მივმართე პრეზიდენტს გათავისუფლების თხოვნით

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, პრეზიდენტს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

"ეს დღეც დადგა. დღეს, ვასრულებ მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით საპარლამენტო მდივანს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, მიმაჩნია, რომ განსხვავებით საჯარო მოხელეებისაგან, რომლებიც არ უნდა იცვლებოდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების პარალელურად (და ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით ბოლო დღეებში წამოწეული უკანონო და უსამართლო საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგიდან მოიხსნა ჩვენი, სამოქალაქო და დიპლომატიური კორპუსის ერთიანი ძალისხმევით, რიგი დეპუტატების პრინციპული პოზიციით), საპარლამენტო მდივანი, ისევე როგორც ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები, პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს; მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს შერჩეული... ამიტომ, დღეს მივმართე პრეზიდენტს გათავისუფლების თხოვნით", - წერს ანა ნაცვლიშვილი.

მან საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. სამუშაოს დაწყების წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ უნდა ყოფილიყო ეს მოულოდნელი ჩემთვის, მაგრამ პრეზიდენტის პოზიცია სხვაა და თან საქართველოში ასე იშვიათად ხდება: ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ჩემი საჯარო საქმიანობიდან მიცნობდა და რომელთანაც მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი შენახვედრი საჯარო შეხვედრებზე, მაღალი ნდობა გამომიცხადა და შემომთავაზა ეს პოზიცია. ეს ბევრს მეტყველებს მის შესახებ, და კიდევ მრავალი რამ მაქვს მასზე სათქმელი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რანგში. ვცდილობდი, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ის, რაც არც ერთი დღე არ ყოფილა პრივილეგია, იყო დიდი პასუხისმგებლობა", - ამბობს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველ ლედიზე, მაკა ჩიჩუაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი"თავისი სიღრმით, თავმდაბლობით და ყველანაირი სილამაზით, თავად ამშვენებდა პირველი ლედის სტატუსს და არა პირიქით".

კომენტარები